28 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
ქვეყნები, სადაც ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - პანდემია და მსოფლიო

"ფაინენშელ თაიმსის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით არაბეთის გაერთიანებული საემირო ლიდერობს. კერძოდ, სრულად მოსახლეობის 92%-ია აცრილი. არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე მონარქიული სახელმწიფო საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ აქ ვაქცინაცია 3-დან 17 წლამდე ბავშვებშია დაშვებული. არჩევანი კი ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ზე გააკეთა. 

ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაციის კუთხით ლიდერობს მალტა. ხმელთაშუა ზღვის ამ ჯუჯა სახელმწიფომ საკმაოდ წარმატებული კამპანია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობის 82%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია

გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ბოლო 24 საათის განმავლობაში სინგაპურში. რაც შეეხება ინფიცირების ახალ მაჩვენებელს - ის საკმაოდ დაბალია. სინგაპურში აცრის ორივე დოზა დაახლოებით 78%-მა გაიკეთა.

რაც შეეხება კორონავირუსის სამშობლოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ კორონავირუსი ფაქტობრივად დაამარცხა. ორჯერადად ვაცქინირებული მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი ამ დროისთვის 74-ს შეადგენს.

ერთი შეხედვით, ეს მაჩვენებელი წინა შემთხვევებთან შედარებით მაღალი არ არის, მაგრამ, ამის მიუხედავად, მილიარდნახევრიან ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების მხოლოდ 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და არავინ გარდაცვლილა.

"ფაინენშელ თაიმსის" მიერ გამოქვეყნებულ სიაში, რომელშიც 186 ქვეყანაში არსებული მდგომარეობაა მიმოხილული, საქართველო 112-ე პოზიციას იკავებს, ირანის და ფილიპინების გვერდიგვერდ.

ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გამო მაღალია ინფიცირებისა და ლეტალობის შემთხვევები. საქართველოში ამ დროისთვის ვაქცინაციის ორივე დოზა მოსახლეობის 10.5%-მა გაიკეთა.

 

დღის ამბები