28 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
აშკარაა, რომ მათი პარტია დღემდე "ქართული ოცნების" ხმებს ეპოტინება - ავთანდილ თალაკვაძე გახარიას გუნდის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

ზუგდიდში პარტია "საქართველოსთვის" ოფისის წევრები "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, გიგა ფარულავას ინფორმაციით, საუბარია სენაკის ერთ-ერთი მაჟორიტარული უბნის კანდიდატზე, რომელმაც, პარტიის მტკიცებით, ზეწოლის შედეგად კანდიდატურა მოხსნა.

ზეწოლის შესახებ გახარიას თანაგუნდელებმა განცხადება გააკეთეს გურიის შტაბშიც. მერობის კანდიდატმა გია ცეცხლაძემ მმართველი პარტიის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე პარტიის წევრის დაშინებასა და შანტაჟში დაადანაშაულა.

"ძმები თალაკვაძეები გუშინ იმყოფებოდნენ დაბა ნასაკირალში და იმყოფებოდნენ ქალბატონ ნონა წუნაძესთან, სადაც მოხდა მასზე ზეწოლა, რომ მოეხსნა კანდიდატურა, ალბათ რაღაცის სანაცვლოდ. შესაბამის სტრუქტურებს ვთხოვ ამ ფაქტით დაინტერესდნენ," - განაცხადა გია ცეცხლაძემ.

ბრალდებებს აბსურდულს და სიცრუეს უწოდებს ავთანდილ თალაკვაძე.

"აბსურდი და ტყუილია, რომ ჩვენ ვინმეზე ვახდენთ ზეწოლას. სიმართლე არის ის, რომ გია ცეცხლაძის წინასაარჩევნო კამპანია წარუმატებელია. დღემდე ოზურგეთში მისი საარჩევნო პროგრამის შესახებ არ იციან. როგორც ჩანს, შტაბი ეშლებათ და ჩვენზე ცდილობენ გადმობრალებას. თავიდანვე ცდილობდნენ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, რომ თითქოს ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით მოქმედებდნენ და აშკარაა, რომ მათი პარტია დღემდე "ქართული ოცნების" ხმებს ეპოტინება," - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

დღის ამბები