სამტრედიაში მცხოვრები გივი მხეიძე ჰყვება, რომ გამთენიისას, როდესაც სამზარეულოში შევიდა, საზარელი შემთხვევის მომსწრე გახდა. მისმა შვილმა საკუთარი ცოლი, საყოფაცხოვრებო დანით გამთენიისას, 5 საათზე მოკლა, როდესაც ქალი საუზმეს უმზადებდა.
"გაუგებრობა მოხდა, "კალბასი დაჭერიო" თუ რაღაცა და მივიდა დაჭრა, ახლა - თევზი შენ დაჭერიო, არა შენ დაჭერიო საწყალმა უთხრა, ადგა და უსვრია და მორჩა, მეტი არაფერი," - ამბობს "კურიერთან" მსჯავრდებულის მამა.
"კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა მსჯავრდებული 32 წლის მალხაზ მხეიძის ჩვენებაც. გამომძიებლებთან მხეიძემ მოყვა, რომ დილის 5 საათზე, ცოლი საუზმის მოსამზადებლად გააღვიძა. მაგრამ არ მოეწონა ის, რაც მეუღლემ მოუმზადა და დანა მოუქნია.
"... მე მას ვუსაყვედურე - მარტო ძეხვი რატომ დაჭერი, თევზიც დაგეჭრა-თქო, რაზეც ჩემმა მეუღლემ მისაყვედურა - საჭმელი შენთვის გეჭამა, მაგის გულისთვის როგორ გამაღვიძე ამ შუაღამესო, რაზეც მე გავბრაზდი ჩემს მეუღლეზე და დავუყვირე მას - სახლში მოტანილის გაკეთებაც არ გინდა-თქო, ავიღე მაგიდიდან ზემოაღნიშნული მუქტარიანი დანა, რომელიც დავიჭირე მარჯვენა ხელში და შეშინების მიზნით დანიანი მარჯვენა ხელი მოვიქნიე ჩემი მეუღლის მიმართულებით, თუმცა ჩემს მიერ მოქნეული დანიანი ხელი მოხვდა ჩემს მეუღლეს მარცხენა მხარეს კისრის არეში, საიდანაც წამოუვიდა სისხლი...
... ოთახში შემოვიდა მამაჩემი და ჩემი ძმა, რომლებსაც ვუთხარი, რომ დანა დავარტყი, მგონი მოვკალი, სასწრაფოს დავუძახოთ და ექიმი მოვუყვანოთ-თქო, ჩემი მეუღლე დავაწვინეთ სამზარეულოში კედელთან მდგარ ტახტთან და მე გამოვედი სახლიდან. ამ დროს სახლში დავტოვე მამაჩემი, ჩემი ძმა და ჩემი მეუღლე დაჭრილ მდგომარეობაში. მე თავდაპირველად ვაპირებდი, რომ დავხვედროდი სასწრაფოს, თუმცა შემდეგ უკვე შემეშინდა, რადგან მივხვდი, რომ ჩემი მეუღლისთვის მიყენებული ჭრილობა, შესაძლებელია, სერიოზული დაზიანება ყოფილიყო და ამ ჭრილობით გარდაცვლილიყო, რის გამოც გადავწყვიტე რომ დავმალულიყავი.."
თავისივე ჩვენებაში მალხაზ მხეიძე ყვება, რომ ადგილიდან მიიმალა და საგამოძიებო მოქმედებების დროს მეზობლის მიტოვებულ სახლს შეაფარა თავი. სამართალდამცავებმა ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტის და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ დადასტურდა - საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო, კაცმა განზრახ მკვლელობა ჩაიდინა.
"გვამის სამედიცინო ექსპერტიზით დადგენილია რომ დაზიანება მიყენებული არის მარცხენა მხარეს კისრის არეში, ბრალდებული როდესაც აღწერს ვითარებას, თუ რა ვითარებაში ესროლა დანა, ფიზიკურად შეუძლებელია სროლის შემთხვევაში, იმ კონკრეტულ სიტუაციაში, დაზარალებულს მიეღო იმ ადგილზე დაზიანება, სადაც მიყენებული არის," - აცხადებს საქმის პროკურორი რევაზ თოფურია.
მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებულის ოჯახის ვერსია, რომ მომხდარი შემთხვევითობა იყო, მიუღებელია გარდაცვლილი ელიზა კალანდაძის ახლობლებისთვის.
შემთხვევა იმერეთში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2020 წლის 23 დეკემბერს მოხდა. ჯერჯერობით, უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა დაცვის მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.