"ქაბულში უსაფრთხო ზონა უნდა შეიქმნას" - სწორედ ამ მოთხოვნით ორშაბათს "გაეროს" საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მოუწოდებენ. ხვალ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი შეხვედრას გამართავს, სადაც ავღანეთში შექმნილ მდგომარეობას განიხილავს. მანამდე კი "თალიბანი" აშშ-ს ავიაიერიშს გმობს, რასაც ისლამური სახელმწიფოს ორი ლიდერის ლიკვიდაცია მოჰყვა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებული პირობა შეასრულა. ისლამურმა სახელმწიფომ საპასუხო დარტყმა მიიღო. ისლამური სახელმწიფოს ორი ლიდერი ლიკვიდირებულია, ერთმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ამ განცხადებას პენტაგონი ავრცელებს.
აშშ-მა ავიაიერიში გვიან ღამით დრონების საშუალებით განახორციელა. წერტილოვანი დარტყმა პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მოხდა. ჯერ კიდევ გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა არ დატოვებდა უპასუხოდ ტერორისტულ აქტს ქაბულის აეროპორტში, რასაც 170 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელტა შორის 13 ამერიკელი სამხედრო იყო.
რადიკალური დაჯგუფების წევრებმა განაცხადეს, რომ ეს იყო თავდასხმა ავღანეთის ტერიტორიაზე. თუმცა, ამის მიუხედავად, "თალიბანი" მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს, არ გაწყვიტონ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები. ეს იმ ფონზე, როცა მათი განცხადებით, მთავრობის ფორმირება უკვე თითქმის დასრულებულია და მის პრეზენტაციას უკვე მომავალ კვირას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტროების პირველი პირები უკვე შერჩეულები არიან.
როგორც ცნობილია, აშშ ევაკუაციის პროცესს 31 აგვისტოს დაასრულებს, დიდმა ბრიტანეთმა კი ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის პროცესი უკვე დაასრულა. ოფიციალურ განცხადებას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უკანასკნელი რამდენიმე რეისით სამშობლოში სამხედრო მოსამსახურეები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაბრუნდნენ. 14 აგვისტოდან დღემდე დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთიდან 15 000 ადამიანი გამოიყვანა, მათ შორის, 2000-ზე მეტი ბავშვია.