28 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ქართველებს განსაკუთრებული ნუგეში გვაქვს, ღვთისმშობელი ჩვენთან არის - მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას მარიამობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დღეს განსაკუთრებული დღეა. როგორც არასდროს, ამ დღეს ვგრძნობთ ღვთისმშობლის სიახლოვესა და მის მფარველობას. ღვთისმშობელი ჩვენთან არის და ჩვენც, ქართველებს გვაქვს ეს განსაკუთრებული ნუგეში, რომ მან იწილხვედრა ჩვენი ქვეყანა და გამოავლინა განსაკუთრებული მფარველობა ჩვენი ერის მიმართ. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, როცა მივმართავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენი განსაცდელების ჟამს, იგი ისმენს ჩვენს ლოცვებს, შეხვედრებს და გვეხმარება, გვეწევა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ყოველი ჩვენგანის ზეციური დედა და იგი არის ჩვენი მეოხე, მფარველი, ჩვენი ნუგეშისმცემელი და შემწე ჩვენი ცხოვრებისეული ჯვრის ტვირთვაში, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა მისი სიყვარული, მეოხება და შუამდგომლობა. ის იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისაგან. ამას გვასწავლის დღევანდელი დღესასწაული და წმინდა ეკლესია. სიკვდილისგან იხსნის ღვთისმშობელი ჩვენს სულებს. ყველანი მოკვდავნი ვართ, ადრე თუ გვიან, ვიცით, რომ ყველანი გარდავიცვლებით, მაშინ რომელი სიკვდილის გამოხსნაზეა საუბარი. სიკვდილი არსებობს სხვადასხვაგვარი. ხორციელი, მარადიული სიკვდილი. ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვთ, რომ გვიხსნას და გვიხსნის მარადიული სიკვდილისგან, გვაცხოვნებს ჩვენ," - განაცხადა მეუფე შიომ.

გარდა ამისა,  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მარიამობის დღესასწაული მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

"ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დღევანდელი დღე, ვინაიდან მის მრავალ დამსახურებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია, რომ ის ჩვენ გვასწავლის მოწიწებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ. ღმერთმა გააძლიეროს იგი, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მისცეს. ღმერთმა ინებოს, რომ ეს სანუკვარი სიტყვები – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ, ყოველთვის იყოს ჩვენს ბაგეებზე, ჩვენს სულსა და გონებაში ყოველთვის ჟღერდეს ეს ლოცვა," - განაცხადა მეუფე შიომ.

დღის ამბები