28 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ნიგერიული ტომის მეფობიდან თბილისის მერობამდე - 26 წლის წინ საქართველოში ჩამოსული რიჩარდ არინზე ოგბუჯგუ თბილისის მერობის კანდიდატად

ნიგერიული ტომის მეფობიდან თბილისის მერობამდე - რიჩარდ არინზე ოგბუჯგუ საქართველოში 26 წლის წინ ჩამოვიდა, 2 ოქტომბრის არჩევნებში კი კანდიდატად დედაქალაქელებს საკუთარ თავს სთავაზობს. ოგბუჯგუს 15 წელია საქართველოს მოქალაქეობა აქვს, პოლიტიკურ განაცხადს კი პირველად აკეთებს. ის ასევე თბილისის მერობის პირველი შავკანიანი კანდიდატია.

"მე ამ ქალაქის ისტორია კარგად ვიცი, ეს ვახტანგ გორგასლის ძეგლია და ვიცი როგორ დაარსდა ეს ქალაქი" - აფრიკიდან შორს, ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქეთ, წლების წინ ტურისტად ჩამოვიდა, თუმცა ტურისტული ვიზიტი გაუგრძელდა და აქ უკვე 26 წელია ცხოვრობს. თბილისის ქუჩებში ისწავლა ენაც და შეიყვარა აქაურებიც, იქაურ თანამემამულეებს კი ქართული ტრადიციები კიდევ უფრო ახლოს გააცნო. რიჩარდ არინზე ოგბუჯგუ "კურიერთან" ჰყვება, რომ წასვლა მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში შეუძლია, თუმცა საქართველოსა და ნიგერიის გარდა, მაინც ვერსად იცხოვრებდა.

აქ მეფედაც აკურთხეს, ოღონდ აფრიკის ერთ-ერთი ტომის იბოს მეფედ. ინაუგურაციის ცერემონია თბილისში აფრიკული ტრადიციების დაცვით ჩატარდა. დედაქალაქს სხვა მეფეებიც ესტუმრნენ. სამეფო ტახტს დისტანციურად მართავს. დედოფალი ქართველია. მათი აფრიკული ზღაპარი კი 3 შვილთან ერთად საქართველოში უკვე წლებია გრძელდება.

რიჩარდ არინზე ოგბუჯგუ იმასაც გვიყვება, რომ ნიგერიელებსა და ქართველებს მანძილის გარდა ბევრი არაფერი აშორებთ, უფრო მეტიც - აკავშირებთ კიდეც. მართალია მეფეა, მაგრამ ამბობს, რომ საქართველოში მეფურად არ ცხოვრობს. პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, ფლობს რამდენიმე ენას, ხელმძღვანელობს ნიგერიის დიასპორა "ევროპა-საქართველოს", არის თეოლოგი.

საქართველოში გამეფებული ნიგერიის ერთ-ერთი კუთხის შვილი, ახლა თბილისის ტახტისთვისაც აპირებს ბრძოლას. ბედს 23 ნომრით ცდის. რიჩარდ არინზე ოგბუჯგუ თბილისის მერობის პირველი ფერადკანიანი კანდიდატია. დარწმუნებულია, რომ თბილისისთვის ბევრი რამის გაკეთებას შეძლებს და მოსახლეობის პრობლემებს მოაგვარებს. არ აშინებს კონკურენცია. 

თბილისის მერად ნიგერიელი ბიზნესმენი მოქალაქეთა გაერთიანებამ "ჩვენი გაერთიანებული საქართველო" წარადგინა. თბილისისთვის ბრძოლას რიჩარდ ოგბუჯგუ ოფიციალურად 3 სექტემბერს დაიწყებს და პირველი აფროამერიკელი კანდიდატი ქართულ პოლიტიკურ მარათონში აქტიურად ჩაერთვება. ნიგერიელი მეფის თანაგუნდელები პირობას დებენ, რომ მათი წინასაარჩვენო კამპანია ორიგინალური, კანდიდატი კი უკონკურენტო იქნება. პარტიულ სლოგანზე ჯერ არ უფიქრიათ.

დღის ამბები