საერთაშორისო საზოგადოებას ქაბულის აეროპორტიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის 5 დღე დარჩა, თუმცა პროცესი გუშინ მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა შეაფერხა. ბავშვები, მოხუცები, ამერიკელი სამხედროები - სულ 110 ადამიანი შეეწირა აეროპორტის შესასვლელთან მომხდარ აფეთქებას.
ტერორისტულმა აქტმა პროცესები არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ მსოფლიოშიც სხვა დღის წესრიგით წარმართა. ვაშინგტონი ტერორისტების დასჯით დაიმუქრა, თუმცა პრეზიდენტ ბაიდენის მოწინააღმდეგეებისთვის ეს საკმარისი არ არის, ისინი თეთრ სახლსა და პენტაგონს მოქმედებას თხოვენ.
ჯერჯერობით ბაიდენს ევაკუაციის გეგმაში ცვლილებებს არ შეაქვს, ისევე როგორც მიდგომებში, რომ თალიბანი არაფერ შუაშია. აფეთქების საქმეში დაჯგუფებას ISIS-ის მოკავშირედ თეთრი სახლი ვერ ხედავს. მომხდარს თავად თალიბანიც ემიჯნება, რომელიც უცხოელების ევაკუაციის შემდეგ ქვეყანაში სიმშვიდის გარანტიებზე საუბრობს. მით უმეტეს, რომ ამერიკელებთან გარიგების ნაწილი, მათ შორის ადგილზე სხვა დაჯგუფებების განეიტრალებაც იყო.
ავღანეთს შტატებიც აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მარტივად დანებდა, თუმცა როგორც ჩანს არც ისე მარტივად. ქაბულიდან ერთი საათის სავალზე, ფანჯშირის ხეობაში თალიბანის რეჟიმის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი. ამ ტერიტორიას თალიბანი ახლა ვერ აკონტროლებს.
დიდმა ბრიტანეთმა დღეს ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი დაასრულა, საათები დარჩა ესპანური და გერმანული კონტიგენტის ევაკუაციამდე. 1500 ამერიკელი სამხედრო კი სხვებთან ერთად 31 აგვისტომდე დატოვებს ქაბულს. რა იქნება შემდეგ უცნობია. უცნობია ევროპის რეაგირების შესახებაც. ჯერ მხოლოდ მკაცრი განცხადებები ისმის. თურქეთში კი ახლა იმაზე მსჯელობენ, მიიღონ თუ არა თალიბანის შეთავაზება, რომ ქაბულის აეროპორტზე ზედამხედველობა დროებით ანკარამ აიღოს.
ამ დროისთვის ავღანეთიდან 105 ათასზე მეტი ადამიანი უკვე ევაკუირებულია, 5 დღეც და ავღანელებს თალიბანის პირისპირ მოუწევთ დარჩენა.