28 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ოკუპაციასთან ერთად არის მოსახლეობის ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობა, რაზეც ინტენსიურად ვმუშაობთ - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია ხობისა და ფოთის შემდეგ აბაშაში გაგრძელდა. მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მერობის კანდიდატი გიგა გაბელაია წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მთავარი გამოწვევა ოკუპაციასთან ერთად ქვეყანაში ეკონომიკური სიდუხჭირის აღმოფხვრა იქნება.

"ქვეყანაში "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ყველა რეგიონში, ყველა მიმართულებით. გვაქვს ასევე სერიოზული პროგრესი, რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, უვიზო რეჟიმის მიღწევას, რომელიც ჩვენი დამსახურება არის, ჩვენი გუნდის და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ოკუპაციასთან ერთად არის ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური სიდუხჭირე, გაჭირვება, რომელიც მთელს ქვეყანაში არის ჯერ კიდევ და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის, უმუშევრობა, რომელიც ასევე, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი გამოწვევა და ჩვენ ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ.

ვგეგმავთ დავიწყოთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიციების განხორციელება, რაც, რა თქმა უნდა, გადანაწილდება ყველა რეგიონის და ყველა მუნიციპალიტეტის მიხედვით. 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას მოვახდენთ ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად. შედეგად ველოდებით, რომ დაახლოებით 1300 ახალი საწარმო დაფინანსდება და შეიქმნება 100 000 ახალი სამუშაო ადგილი.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება თანაბრად, ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები - ეს ყველაფერი, რაც უნდა განვითარდეს. წყლის პრობლემა ჯერ კიდევ არის ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ სერიოზულად. 3000-ზე მეტ სოფელს არ მიეწოდება ხარისხიანი წყალი. ეს და ამის მსგავსი პრობლემები არის ის ყოველდღიური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ჩვენ ერთად უნდა მოვაგვაროთ. გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და ხედვა იმისა, თუ როგორ განვავითაროთ ეკონომიკა და როგორ წავწიოთ წინ ჩვენი ქვეყანა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები