28 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
"ოცნება" - 47,4%, "ნაციონალური მოძრაობა" - 25,2% - მმართველი გუნდი თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს

"ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოუდგინა. ბრიფინგზე შედეგები საზოგადოებას მმართველი გუნდის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ გააცნო. 

"დღეს გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-25 აგვისტოს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2958 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79,2%-მა დაასახელა.

პირველ რიგში, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს:

"ქართული ოცნება" - 47,4%

"ნაციონალური მოძრაობა" - 25,2%

"გირჩი - მეტი თავისუფლება" - 4,9%

"საქართველოსთვის" - 4,7%

"მოქალაქეები" - 3,2%

"ლელო" - 2,4%

"პატრიოტთა ალიანსი" - 1,9%

"ევროპული საქართველო" -1,8%

"სტრატეგია აღმაშენებელი" - 1,7%

"გირჩი" -1,1%

"ლეიბორისტული პარტია" - 0,7%

"ერთიანი საქართველო" - 0,7%

სხვა პარტიები - 4,3%

 

ამ მონაცემებით, თბილისის საკრებულოს წევრთა 40 მანდატი პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

"ქართული ოცნება" -22 მანდატი

"ნაციონალური მოძრაობა" -12 მანდატი

"გირჩი - მეტი თავისუფლება", "საქართველოსთვის" და "მოქალაქეები" -  2-2 მანდატი.

შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, "ქართული ოცნებისა" და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს.

ასევე, წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს:

კახა კალაძე - 60,1%

ნიკანორ მელია - 29,2%

სხვა კანდიდატები - 10,7%

როგორც ხედავთ, კახა კალაძეს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს.

რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ყველაფერი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.

გამოვთქვამთ იმედს, რომ სუსტი ელექტორალური მხარდაჭერის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციას ეყოფა კეთილგონიერება და არ მიმართავს პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს, რისი მომსწრეც ქართული საზოგადოება პრაქტიკულად ყველა წინა არჩევნების დროს არაერთგზის გახდა.

ასევე, იმედი გვაქვს, რომ შეწყდება საუბრები არჩევნების გადადებაზე, რაც, უსათუოდ, ოპოზიციის მიერ საარჩევნო კაპიტულაციის წინასწარ გამოცხადებად იქნება აღქმული,"-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

დღის ამბები