28 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
"გიპოვით და პასუხს გაგებინებთ" - აშშ ტერორისტული ჯგუფის თავდასხმას უპასუხებს

შეერთებული შტატები ტერორისტული ჯგუფის თავდასხმას უპასუხებს - ასე ეხმაურება ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს. მისი განცხადებით, მან უკვე დაავალა სამხედრო მეთაურებს ოპერატიული გეგმების შემუშავება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.

"ურთულესი დღეა, თუმცა ჩვენ ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ. მათ უფლებას არ მივცემთ, შეწყვიტონ ჩვენი მისია. ჩვენ გადავარჩენთ ამერიკელებს და ავღანელ მოკავშირეებს, ევაკუაცია გაგრძელდება.

მივმართავ ტერორისტებს, არ გაპატიებთ, არ დაგივიწყებთ, გიპოვით და პასუხს გაგებინებთ.
გავეცი ბრძანება, შემუშავებულ იქნეს ISIS-K-ს ხელმძღვანელობაზე, აქტივებსა და ობიექტებზე შეტევის გეგმები, ჩვენ მათ ძალითა და სიზუსტით ვუპასუხებთ. მე დავიცავ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს,"- თქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შესახებ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

26 აგვისტოს ტერაქტზე, რომელსაც 90 ადამიანის, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ [ISIS-K] აიღო.

ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის ნიშნად დროშებს დაუშვებენ შტატების სახელმწიფო უწყებები. ავღანეთში ამ დროისთვის შეერთებული შტატების 1500, დიდი ბრიტანეთის 400 და გერმანიის 200 მოქალაქეა დარჩენილი.

დღის ამბები