28 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
გარდაცვლილს საოფისე საქმიანობა ევალებოდა და არავინ იცის, უბედური შემთხვევის ადგილას რატომ აღმოჩნდა - დეტალები ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილიდან

ბათუმში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რა დროსაც მშენებარე კორპუსის მე-5 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა, მოკვლევა ჩატარდა და სამუშაოები შეჩერდა.

"შრომის ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული მოკვლევისას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ობიექტზე სამუშაო პროცესების შეჩერების შესახებ. უბედური შემთხვევის გამომწვევი უშუალო მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი,"- აცხადებს შრომის ინსპექციის თანამშრომელი გიორგი ჭალელიშვილი.

კომპანიაში კი ამბობენ, რომ გარდაცვლილს მხოლოდ საოფისე საქმიანობა ევალებოდა და არავინ იცის, უბედური შემთხვევის ადგილას რატომ აღმოჩნდა. "კურიერის" ინფორმაციით, კაცი სარეკლამო ბილბორდს ამონტაჟებდა, რა დროსაც, წაბორძიკების შემდეგ, შენობიდან გადმოვარდა. ადგილზე უკვე იმყოფებოდა შრომის ინსპექცია.

"არავის ჰქონდა ინფორმაცია, რატომ იყო იქ - მას არ ევალებოდა იქ განსახორციელებელი არანაირი საქმიანობა. საოფისე საქმე ევალებოდა ამ ადამიანს, ეს არის ვინდოუსის გადაყენება და პროგრამული ნაწილი. ამ დროს არაფრის მონტაჟი არ მიმდინარეობდა, მონიტორი დიდი ხნის დამონტაჟებულია და მას არანაირი ხარვეზი არ ჰქონდა,"- აცხადებს კომპანიის იურისტი ესმა ჩოგაძე.

 

 

 

დღის ამბები