28 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მსურველების რაოდენობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღითიდღე იზრდება

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მსურველების რაოდენობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღითიდღე იზრდება. მეორე კვირაა, აქტიურია იმუნიზაციის პროცესი ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში. დღესაც ამცრელ პუნქტთან რამდენიმე ათეული ადამიანი ცოცხალ რიგში იდგა და სასურველი პრეპარატით აცრას ელოდებოდა.

იმუნიზაციის პროცესში, საქართველოს დედაქალაქის გარდა რეგიონებიც აქტიურად ერთვებიან. აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, უკვე დმანისის მუნიციპალიტეტშიც არის შესაძლებელი. სოფელ ხურვალეთიდან კი საქართველოს მოსახლეობას აცრისკენ მოხუცებულთა თავშესაფრის ბენეფიციარებმა მოუწოდეს. თავად კი არჩევანი ჩინურ პრეპარატზე შეაჩერეს.

ვაქცინაციის პროცესს დღეს იმერეთის და გურიის დაცვის პოლიციის თანამშრომლები შეუერთდნენ. ამ დროისთვის ძალოვანი უწყების თანამშრომელთა 60% -ზე მეტი უკვე აცრილია.

მათ კი ვინც აცრაზე უარი განაცხადა , ახლა COVID-19-ს მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ებრძვის. ქვეყანაში არსებული საგანგაშო სტატისტიკის გამო, საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევს. ამიტომ პროცესში საველე ჰოსპიტლის ჩართვა გახდა აუცილებელი. ამ ეტაპზე, ოლიმპიური სოფლის საველე ჰოსპიტალში 20 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ქვეყანაში კიდევ ერთხელ ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის მონაცემებით, კოვიდთან ბრძოლაში 74 ადამიანი დამარცხდა. უხილავი მტრის წინააღმდეგ მთავარ იარაღად ვაქცინას ასახელებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე საბა და მრევლს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ექიმების რჩევა.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობა 938 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. დღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი კი 28 000 უტოლდება. სწორედ ვაქცინაციას და რეგულაციების დაცვას ასახელებენ მედიკოსები COVID-19-ის დასამარცხებლად ყველაზე ეფექტურ გზას.

დღის ამბები