28 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
Foreign Policy-ზე გამოქვეყნებულ სტატიას საქართველოში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა

საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია - ამ სათაურით ვრცელ სტატიას შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი დევიდ კრამერი გამოცემა "ფორინ პოლისიში" აქვეყნებენ.

მათი თქმით, მმართველი პარტია მანამ, სანამ დემოკრატიულ ინსტიტუციებს შლის, თბილისს მოსკოვის ორბიტაზე აყენებს. სტატიას თბილისში პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურებები მოყვა.

ქუთაისის მერობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძის თქმით, გამოქვეყნებული სტატია, რომელიც უკავშირდება პირდაპირ საქართველოს ხელისუფლების მიერ პროდასავლური კურსის ცვლილებას, საგანგაშოა.

"იქ ჩამოთვლილი ფაქტები: ძალადობა, ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ჩაჭიდება, ოლიგარქიული რეჟიმი, ჟურნალისტების, მედიის და ოპოზიციის დევნა - ეს ყველაფერი არის ზუსტად იმის მაჩვენებელი, თუ რა უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე დგას ახლა ქვეყანა," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ფაქტების დამახინჯებით აწყობილი განცხადებები ჩვენი მოქალაქეების თვალში დასავლეთის პოზიციებს აზიანებს.

"საერთო სამწუხარო სურათი გვაქვს, როდესაც ჩვენი მოკავშირე ქვეყნებიდან გარკვეული ყოფილი თანამდებობის პირებისაგან, ყოფილი დიპლომატებისგან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ლობისტურ საქმიანობაში, სუბიექტურ, იდეოლოგიზირებულ ფაქტების დამახინჯებაზე აწყობილ განცხადებებს და წერილებს აწყობენ," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები