28 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
მმართველმა გუნდმა დღეს მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები ქედა-შუახევსა და ხულოში წარადგინა

"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას აჭარაში განაგრძობს - მმართველმა გუნდმა დღეს მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები ქედა-შუახევსა და ხულოში წარადგინა. ყურადღება ზღვისპირა რეგიონის ტურისტულ პოტენციალსა და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა, რომელიც სწორედ ამ მიმართულების განვითარებას ემსახურება.

ტურიზმის განვითარების აუცილებლობაზე მთავრობის მეთაურმა დღეს აჭარაში კანდიდატების წარდგენის დროს ისაუბრა. დასახელდა კონკრეტული პროექტები, რომლის განხორციელების შემდეგაც ვიზიტორების რიცხვი უნდა გაიზარდოს და ტურიზმის განვითარების დონე გაუმჯობესდეს. გეგმები ირაკლი ღარიბაშვილმა შუახევში შეკრებილებს გააცნო.

ტურიზმის განსავითარებლად და ვიზიტორების მოსაზიდად აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ პროექტები უკვე მომზადებული აქვთ. 5 პროექტის საერთო ღირებულება 30 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორისაა ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინის მოწყობაც.

მაღალმთიანი აჭარის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ ქედაში ყოფნის დროს. კახა კუჭავას თქმით, მომავალი მერების პრიორიტეტი სწორედ აგრო და ეკო ტურიზმის განვითარება უნდა იყოს.

მმართველი პარტია აჭარის რეგიონში მეორე დღეა მოსახლოებასთან შეხვედრებს განაგრძობს და ადგილობრივებს მერობის და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს წარუდგენს.

დღეს ქედის მერობის კანდიდატად როლანდ ბერიძე, შუახევში ომარ ტაკიძე, ხოლო ხულოში ვახტანგ ბერიძე წარადგინეს. კანდიდატების თქმით, მათი მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე საკუთარი რაიონების საჭიროებების შესახებ სრული ინფორმაცია აქვთ.

მერობის კანდიდატების წარდგენის პარალელურად ირაკლი ღარიბაშვილი აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნო. ხულო-ზარზმის 5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო მინიმუმ საათნახევრით შემცირდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გაკეთებულ და დაგეგმილ პროექტებზე საუბრის გარდა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ქედაში გამოსვლისას წარსულზეც გააკეთა აქცენტი და იქ შეკრებილებს 2008 წლის ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის თარიღიც შეახსენა.

ქედის, შუახევისა და ხულოს მერობისა და მაჟორიტარების წარდგენით აჭარაში მმართველი გუნდის ლიდერების სტუმრობა დასრულებულია. კანდიდატების წარდგენა ხვალ გურიაში იგეგმება.

დღის ამბები