28 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
შეძლებს თუ არა ბრალდებული ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვაზე დასწრებას - განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებული ჩემპიონის პროცესი ამ წუთებში იწყება

ზურაბ ზვიადაურს ოლიმპიური ჩემპიონები და პოლიტიკოსები თავდებში უდგებიან - ყოფილ დეპუტატს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით უკვე წაუყენეს, დღესვე იქნება სასამართლო სხდომა. ადვოკატები ბრალდებას არ ეთანხმებიან და ირწმუნებიან, რომ ზვიადაური მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, იარაღიდან კი მხოლოდ მას შემდეგ გაისროლა, რაც ნახა, რომ მისი ძმა და მეგობარი სასიკვდილოდ დაჭრეს.

დღესვე ყოფილი სპორტსმენის და დეპუტატის ინტერესების დამცველმა დანაშაულის მიზეზებზე ისაუბრა. თქვა, რომ სისხლიანი გარჩევა, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, მუშებს შორის ცემენტის ჭურჭლის გამოყენებაზე დავით დაიწყო.

3 ცხედრით დასრულებული სისხლიანი გარჩევა მოზელილი ცემენტის მოტივით - ბრალდებული ზვიადაურის ადვოკატები გავრცელებული რამდენიმე ვერსიიდან ერთ-ერთს ადასტურებენ, რომლის მიხედვით, ოლიმპიური ჩემპიონის ძმა და მეგობარი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ წინანდლის ტყეში მშენებლობის თანამშრომელს. კონფლიქტი გამწვავდა და გარჩევაში გადაიზარდა, რასაც ორივე მხრიდან სროლა მოჰყვა.

ადვოკატის ინფორმაციით, 10-მდე პირიან დაპირისპირებაში ზურაბ ზვიადაური არ მონაწილეობდა. ის წინანდლის ტყეში უკვე დაწყებული დაპირისპირების დროს, ძმის წასაყვანად მივიდა, თუმცა რამდენიმე წუთში სროლა დაიწყო და ვერ მოასწრო.

დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალი ოფიციალურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს, რასაც არ აღიარებს. ის ამტკიცებს, რომ ძმის და მეგობრის მკვლელი ნიკა ნეკჭოშვილი მოიგერია.

ბრალს უარყოფს ზვიადაურის მეგობარი, ჯაბა ჯანგირაშვილიც, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად დააკავეს და იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან. ცნობილია, რომ სწორედ ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან ისროლა დაპირისპირებული მხარის მისამართით ვასილ ცოცხალაშვილმა, რომელიც საპასუხო ტყვიას ემსხვერპლა.

წინანდლის ტყეში ცოცხალაშვილის საპასუხო სროლის დროს, დაპირისპირებული მხრიდან, ნიკა კენჭოშვილმა 4 ადამიანი დაჭრა. ადგილზე გარდაიცვალნენ ვასილ ცოცხალაშვილი და ჩემპიონის ძმა, ზვიად ზვიადაური. დაჭრილი ზვიად მაისურაძე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ანზორ შამრელაშვილი კი, კლინიკიდან გაწერეს. ორივე მათგანი ახლა გამოძიების ოქროს მოწმეა. მომხდარზე საუბარი არ სურთ მათ ახლობლებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქმეში სამი ცეცხლსასროლი იარაღი დევს. ადვოკატების ინფორმაციით, ძმის მკვლელს, ნიკა კენჭოშვილს ზურაბ ზვიადაურმა საკუთარი იარაღიდან ესროლა, რომლის ტარების უფლებაც ჰქონდა. ნიკა კენჭოშვილი ოლიმპიური ჩემპიონის ტყვიას ემსხვერპლა. სამართალდამცველებმა "სტეჩკინის" პისტოლეტი და ნახევრადავტომატური "საიგა" გუშინ ამოიღეს.

სამი ცხედრით დასრულებული მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დღესაც გაგრძელდა, წინანდლის ტყეში ნაპოვნია ნიკა კენჭოშვილის იარაღიც.

დღის ამბები