28 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, რომელიც გაერთიანებული ერების ინიციატივას წარმოადგენს საქართველოში, კორპორაციული პასუხისმგებლობის რიგით მეოთხე დაჯილდოებას გამართავს.  

ცერემონია იმ პასუხისმგებლიან, პროგრესულ და მდგრად კომპანიებს გამოავლენს, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას უწყობენ ხელს საქართველოში. 

რას ემსახურება კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო? 

ეს არის ჯილდო ყველა ზომის ბიზნესისთვის, რომელიც არის პროგრესული, თანამედროვე და ღირებულებებზე დაფუძნებული; კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ერთადერთი კონკურსია საქართველოში, რომელიც სრულ შესაბამისობაშია გაეროს სტანდარტთან და ეყრდნობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგს. აღსანიშნავია, რომ კონკურსი ტარდება საერთაშორისოდ აღიარებული, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმის ეგიდით, ხოლო ჟიური შედგება საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე აღიარებული ექსპერტებისგან.

ჯილდო გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში: 

  • ხარისხიანი განათლება
  • გენდერული თანასწორობა
  • ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
  • მდგრადი ქალაქები და დასახლებები
  • მდგრადი მოხმარება და წარმოება
  • პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის

ორგანიზაციებს აპლიკაციის შევსება დაჯილდოვების ვებგვერდზე შეუძლიათ.

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 აგვისტო, 2021 წელი. 

გაეროს გლობალური შეთანხმების შესახებ

გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. აღნიშნულის მისაღწევად გაეროს გლობალური შეთანხმება მოუწოდებს ბიზნესს, რომ: 

(1) პასუხისმგებლობით აწარმოოს თავისი საქმიანობა, რაც გულისხმობს, შეთანხმებით გათვალისწინებული ათი პრინციპის ინტეგრირებას მუშაობის სტრატეგიასა და ყოველდღიურ ოპერაციებში. გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მიზანია, ბიზნესის ყურადღების მიპყრობა შემდეგი მიმართულებით: ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. 

(2) ხელი შეუწყოს ზოგადი საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებას, როგორიც არის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები. 

გაეროს გლობალური შეთანხმებაში გაერთიანებულია 14 000-მდე კომპანია და 4 000-მდე არასამეწარმეო ორგანიზაცია, მსოფლიოს 162 ქვეყნიდან.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GCNG) არის გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივის ადგილობრივი წარმომადგენლობა. პლატფორმა 2016 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში. 

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინიციპის მხადაჭერა, ასევე, გაეროს განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

რას ნიშნავს მდგრადგი განვითარების მიზნები?

2015 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა მსოფლიოს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი, რომელიც გაეროს თითოეულმა წევრმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს 2030 წლამდე. 2030 დღის წესრიგი 17 მიზნისგან შედგება ხუთი ძირითადი მიმართულებით:ადამიანები (People),პლანეტა (Planet), კეთილდღეობა (Prosperity), მშვიდობა (Peace) და პარტნიორობა(Partnership). 

ისეთი მიზნების შესრულება, როგორიც არის მაგალითად სიღარიბის აღმოფხვრა, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, ხარისხიანი განათლება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან შეუძლებელია. ბიზნესი დიდ როლს თამაშობს მიზნების შესრულებაში. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიზნების შესრულება ემსახურება არა მხოლოდ საზოგადოების კეთილდღეობას, არამედ მომგებიანია კომპანიებისთვისაც. კვლევებმა აჩვენა რომ SDG-ების გათვალისწინება ბიზნეს საქმიანობაში 12 ტრილიონი დოლარის გენერირების შეაძლებლობას აძლევს მსოფლიო ბაზარს.

(R)

დღის ამბები