28 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია აჭარაში - სახელისუფლებო პარტიამ ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის მერობის კანდიდატები წარადგინა

"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია დღეს აჭარაში გაგრძელდა, სადაც ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის მერობის კანდიდატები წარადგინეს. ლიდერები ამომრჩეველს გუნდის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რეგიონულ მიღწევებზე ესაუბრნენ. ხელვაჩაურში ზაზა დიასამიძის საარჩევნო პრეზენტაცია გონიოს ციხის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც გუნდის სამომავლო ხედვები ადგილზე შეკრებილებს პრემიერ-მინისტრმა გააცნო. მანვე განმარტა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეგმა მუნიციპალიტეტში, სწორედ გონიოს უკავშირდება. ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ქალაქის მშენებლობა დაანონსდა. 

ხელვაჩაურის შემდეგ ქობულეთი იყო, სადაც კანდიდატის წარდგენის შემდეგ პრემიერი პეტრას ციხესთან შეკრებილებსაც გაესაუბრა. მერობის კანდიდატად ქობულეთში ლევან ზოიძე დასახელდა, რომლის გამარჯვებაშიც მისი წარმდგენები დარწმუნებულები არიან. ოცნების ლიდერები ტრიბუნიდან
რეგიონის განვითარებასა და კონკრეტული მუნიციპალიტეტების პოტენციალზე საუბრობდნენ.

დღეს პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის მეთაური ე.წ. ოცნების ქალაქშიც იმყოფებოდნენ, სადაც ეპიდსიტუაციის ფონზე პროექტის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე დაწყებულია პროექტის მეორე ეტაპიც, რაც ტერიტორიის სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.

"ოცნების" ქალაქიდან გადაინაცვლეს ბათუმის განათლების ქალაქში, სადაც საგანმანათლებლო და შემეცნებითი სივრცეების მოწყობა უკვე დასრულდა, ის 2021-2022 წელს მოსწავლეთა მისაღებად ემზადება.

საარჩევნო დაპირებებზე, განხორციელებულ პროექტებსა და განვითარების გეგმებზე საუბრისას დღეს ყველა ცენტრალური ხელისუფლების ადგილობრივ მმართველობასთან კოორდინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებდა ყურადღებას, მათ შორის თავად კანდიდატებიც.

ოფიციალური ღონისძიებები დღეს ბათუმის კანდიდატის წარდგენით დასრულდა. სტაბილურობა, განვითარება, მერების უშუალო ჩართულობა - ეს ოცნების ცენტრალური საარჩევნო ხაზია, რომლის დატვირთვასაც რეგიონული საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი ტრიბუნიდან თითოეულ კანდიდატს და ამომრჩეველს აცნობდა.

აჭარაში ოცნების საარჩევნო კამპანია ხვალაც გაგრძელდება, მმართველი გუნდი ქედის, შუახევისა და ხულოს მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.

დღის ამბები