28 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
თავდაცვის ძალები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვნენ 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთვნენ.

სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით, ორ ლოკაციაზე - დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები მოეწყო.

პრემიერის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს მიერ უკვე გამოიყო გარკვეული რესურსები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესის მხარდასაჭერად. ამ ეტაპზე, თავდაცვის სამინისტრომ ასეულობით საწოლი გადასცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ასევე, თავდაცვის სამინისტრო გამოხატავს მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, სსსტც „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად დამატებით ათასამდე საწოლი დაამზადოს და გადასცეს ჯანდაცვის სამინისტროს.

ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესშიც მიიღებენ მონაწილეობას. თავდაცვის უწყების მიერ შეიქმნა  მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შესაბამისად ჩაერთვებიან პროცესებში. აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას.

დღის ამბები