დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში CNN-ის ჟურნალისტის კლარისა უორდის 2 ფოტო ვრცელდება, ჟურნალისტი ერთ მათგანზე ჩვეულებრივი სამოსით, მეორეზე კი - აბაიათი ჩანს. ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ თალიბანის მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ ჟურნალისტი იძულებული გახდა, სხეული მთლიანად დაეფარა.
ფოტოკოლაჟს თვითონ კლარისა უორდიც გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ მიმი მცდარია, რადგან პირველი ფოტო შენობის შიდა სივრცეშია გადაღებული, მეორე კი - თალიბანის მიერ დაკავებული ქაბულის ქუჩაში.
"მე ყოველთვის თავსაბურავით დავდიოდი აქამდეც ქაბულის ქუჩებში, თუმცა არა აბაიათი. ასე რომ, განსხვავება არის, თუმცა არც ისე მკვეთრი," - წერს ჟურნალისტი.
კლარისა უორდი მსგავსი სამოსით მუშაობს სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში, მათ შორის - სირიაში და ამბობს, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღო.