28 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრა 4 ქალაქშია შესაძლებელი - ვაქცინაციის პუნქტები თბილისში, ბათუმში, მცხეთასა და ზუგდიდშია გახსნილი

ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. თბილისი, ბათუმი, მცხეთა და დღეიდან უკვე ზუგდიდი - ოთხ დიდ ქალაქში გახსნილია იმუნიზაციის პუნქტები, სადაც სასურველი აცრის გაკეთება მოქალაქეებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ. ქვეყნის მასშტაბით გახსნილ შვიდ ცენტრში მიმართვიანობა მზარდია.

უკვე მეოთხე დღეა ვაქცინაციის მსურველთა ნაკადი ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში არ წყდება. მოქალაქეებს სასურველი ვაქცინით აცრა წინასწარი ონლაინრეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ. "კურიერის" რესპონდენტები ასახელებენ არაერთ მიზეზს, რის გამოც, ახალი სისტემის მიხედვით, ვაქცინაცია მათთვის მისაღებია.

გამარტივებული რეგისტრაციის მქონე კიდევ ერთი სივრცე გაიხსნა დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში. მოქალაქეებს წინასწარ ჯავშნის გარეშე Pfizer-ით, Sinopharm-ით, და Sinovac-ით შეუძლიათ აიცრან. 

"კოვიდ-19-ის" საწინააღმდეგო აცრების ახალი სივრცე ამოქმედდა ზუგდიდშიც. მოქალაქეები, რომლებსაც ვაქცინის გაკეთება სურთ, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ მისვლა.

უკვე მეოთხე დღეა აქტიურად ფუნქციონირებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ სპორტულ კომპლექსში მოწყობილი ვაქცინაციის სივრცეც, სადაც მოქალქეებს იმუნიზაცია მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინით შეუძლიათ.

დღის ამბები