თალიბანმა 20-წლიანი ოცნება აისრულა – ქაბულს აკონტროლებს. რადიკალური დაჯგუფება გამარჯვებას ზეიმობს, სასოწარკვეთილი ავღანელი ხალხი კი გარბის. გარბიან საკუთარი ქალაქიდან, ტოვებენ საცხოვრებელ სახლებს, იმიტომ, რომ სიტყვა "თალიბანის" ხსენებაზეც კი, ერთადერთი განცდა, რაც ადგილობრივებს ეუფლებათ - შიშია.
ქაბულის ქუჩები და აეროპორტი ქაოსმა და პანიკამ მოიცვა. გაქცევის სურვილი იმდენად დიდია, რომ ადგილობრივები დაძრულ თვითმფრინავებს ახტებიან. ამერიკული სამხედრო ძალების ბორტი, რომელიც ავღანელების ნაწილს ხსნა ეგონა, რამდენიმე ადამიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 5 ადამიანი ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. ჭყლეტაში დაშავდა დაახლოებით 40 ადამიანი.
მშვიდობიან თანაცხოვრებას, საკუთრების და ყველა უფლებაში დაცვას ჰპირდება ავღანელ ხალხს რადიკალური დაჯგუფება.
ევაკუაციას ელოდება საქართველოს ის 23 მოქალაქე, რომელიც ამ დროისთვის ავღანეთში კერძო კონტრაქტით მუშაობს. მათ დახმარებისთვის ოფიციალურ თბილისს გუშინ მიმართეს. რეისი ორგანიზებული იყო, თუმცა ქაბულში შემქნილი ქაოსისა და საცობების გამო ქართველებმა აეროპორტში მისვლა ვერ მოახერხეს. ოფიციალური თბილისი მათ წამოსაყვანად ავღანეთის დედაქალაქში ბორტს გააგზავნის, დრო არ დაკონკრეტებულა.