28 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
შარლ მიშელის თუ არა, შალვმიშელის დოკუმენტი ხომ ჰქვია, შალვასა და მიშასი, ორნი იყვნენ აქ, პაპუაშვილი და სარჯველაძე - დავით უსუფაშვილი

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში დასრულდა. ცვლილებები მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას და გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს.

"ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა, ინიცირებული ცვლილებების მიღებაზე უარი თქვას, რადგან ამის გარკვეული ნიშნები იყო. 

"ამ დოკუმენტის მიღება უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაჩნდეს გზა წინ, თორემ ყველა დანარჩენი თემა უკვე კრიზისულ, ჩიხურ სიტუაციაში გვყავს შეყვანილი. ამიტომ, ეს განხილვები მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მმართველმა პარტიამ გაიაზროს, რომ აქ ტაქტიკური მანევრების დრო არ არის და ის ტრადიცია, რომ ჯერ ინიცირება კეთდება და მერე ხმას აღარ აძლევენ, არ მოხდეს. ამის მცირე ნიშნები დღეს იგრძნობოდა, მაგრამ იმედია, მე ვცდები.

საუბარია იმაზე, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია, მე შევახსენებ მათ, რომ არაფერი ანულირებული არ არის, ეს ერთი, მეორეც, საერთოდ არ მაინტერესებს რა სახელი დაერქმევა ამ შეთანხმებას - როგორც მინიმუმ, შარლ მიშელის თუ არა, შალვმიშელის დოკუმენტი ხომ ჰქვია, შალვასა და მიშასი, ორნი იყვნენ აქ - პაპუაშვილი და სარჯველაძე,"-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დისკუსია მხოლოდ მაშინაა ნამდვილი, თუ გადაწყვეტილება წინასწარ ცნობილი არ არის. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, წინასწარ პოზიციის დაფიქსირების ვალდებულება, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით ჰქონდათ აღებული, აღარ აქვთ. 

"ჩვენ ვართ პროცესში, რომელსაც ჰქვია დისკუსია, საყოველთაო სახალხო განხილვა და არ გვინდა ამ პროცესს ისეთი უშინაარსო ფორმა მივცეთ, როდესაც წინასწარ ცნობილია გადაწყვეტილება, რომლითაც განხილვა დამთავრდება, ეს არ არის სწორი, ჩვენ უბრალოდ მზად ვართ, ყველა საკითხზე, რომელსაც მოიცავს ეს პროექტი, ვიქონიოთ ნამდვილი დისკუსია, რომელიც გულისხმობს თავისუფლებას, რომ თავისუფლად შევაფასოთ გადაწყვეტილება. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც არაფერი გვავალდებულებს, რომ კონკრეტული პოზიცია გვქონდეს არჩეული - ვგულისხმობ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე ვალდებულებას,“-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა ხვალ თბილისში გაგრძელდება. განხილვაში კვლავ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას.

დღის ამბები