28 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციაში საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შექმნილი საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტების, საარსებო თუ სხვა სახის შემწეობების დარიგების მიზნით საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრაზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია როგორც პენსიები, ისე სხვა სახელმწიფო კომპენსაციები და სოციალური დახმარებები მაქსიმალურად კარგი პირობებით გაიცეს.

უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებმა, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. კომისიის საქმიანობაში ასევე ჩართულია საქართველოს ეროვნული ბანკი.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, მთავრობის 28 ივლისის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს და რეგულარულად შეიკრიბება.

კომისიის მიზანია, პენსიის, სხვადასხვა სახის სახელმწიფო კომპენსაციისა თუ დახმარების დარიგების არსებული სისტემის შესწავლა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და ანალიზი. კომისია ასევე შეიმუშავებს შესაბამის საკონკურსო პირობებს მოსახლეობის სახელმწიფო გასაცემლებით უზრუნველყოფის საბანკო დაწესებულებების გამოსავლენად.

დღის ამბები