შეერთებულ შტატებში ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები შემაშფოთებლად იზრდება. არასრულწლოვანთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ყოველ დღე მატულობს. ასევე მზარდია ვირუსის მწვავედ მიმდინარეობის შემთხვევები 50 წელს გადაცილებულ პირებში. გარდაცვალების მაჩვენებელი კი ქვეყნის მასშტაბით გაორმაგდა. ვირუსის სწრაფად გავრცელებას დელტა ვარიანტს უკავშირებენ.
შეერთებული შტატებში ინფიცირების სტატისტიკის ზრდის ფონზე გერმანიის ხელისუფლებამ შტატები მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა. შედეგად გერმანიაში ამერიკიდან ჩასულ პირებს, რომლებიც არ არიან აცრილი ან არ აქვთ ვირუსი გადატანილი, 10 დღემდე კარანტინის გავლა მოუწევთ.
ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მზარდია ბელგიაშიც, სადაც შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობენ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვებს ამკაცრებს ავსტრალიაც. სადაც ჯარიმის ოდენობა იზრდება იმ ადამიანებისთვის ვინც რეკომენდაციებს არ დაიცავს. დელტა შტამის გავრცელების ფონზე ჩაკეტილია 2 ყველაზე დასახლებული ქალაქი. მოსახლეობას სახლის დატოვება ეკრძალება სიდნეისა და მელბურნში. ახალი სამხრეთ უელსის შტატში კი ინფიცირების მაჩვენებელი 19% ით გაიზარდა. ამიტომ იქ 1 კვირიანი ლოქდაუნი წესდება.
მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 208 მილიონს უახლოვდება. გარდაცვლილთა რიცხვი კი 4 მილიონს აჭარბებს. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია.
ავტორი: თიკო ცერცვაძე