28 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
საველე ჰოსპიტლად გადაკეთებული სპორტული არენა - ქვეყანა კორონავირუსის ყველაზე ძლიერ ტალღას ებრძვის

საველე ჰოსპიტლად გადაკეთებული სპორტული არენა - საავადმყოფოები მძიმე პაციენტებს ვეღარ აუდიან. ქვეყანა კორონავირუსის ყველაზე ძლიერ ტალღას ებრძვის. ნახევარ მილიონს უახლოვდება საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა, აქედან, 6 406 ადამიანი გარდაიცვალა. მედიკოსები მოქალაქეებს თხოვენ აიცრან და დაიცვან ადამიანების სიცოცხლე.

მინიმუმ ერთხელ ვაქცინირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 800 000-ს უახლოვდება. ბოლო 24 საათში 23 000-ზე მეტი მოქალაქე აიცრა. მესამე დღეა, აცრაზე რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდა. მზარდია ნაკადი ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში, სადაც ვაქცინაცია მხოლოდ პირადობის მოწმობით, ცოცხალ რიგში ჩადგომით არის შესაძლებელი.

დიდი მოცულობის ამცრელი ცენტრების დამატებით გახსნა დაანონსებულია თბილისშიც და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც, თუმცა როდის, ეს დაზუსტებული არ არის. 

ვაქცინაციის პროცესის გაფართოებასთან ერთად, ჯანდაცვის უწყება განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს დაწესებულ სამკვირიან შეზღუდვებზე, რამაც მობილობა უნდა შეამციროს და არსებული პროგნოზით, ორი კვირის შემდეგ, 80%-ით უნდა დაწიოს ინფიცირების მაჩვენებელი. 

პანდემიის პიკის და მძიმე შედეგების მიუხედავად, გაცხადებულია, რომ მთავრობა მიდგომის შეცვლას არ განიხილავს. ლოკდაუნი და მნიშვნელოვანი ბიზნეს სექტორების გაჩერება არ იგეგმება. კრიზისიდან გამოსვლა ახლა მთიანად ვაქცინაციასა და ჯანდაცვის სისტემის თითქმის ამოწურული რესურსების ეფექტურ გადანაწილებაზეა დამოკიდებული.

დღის ამბები