საბერძნეთი, იტალია, ალჟირი და შეერთებული შტატები მასშტაბურ ხანძრებს ისევ ებრძვიან. ათასობით მოქალაქე ევაკუირებულია - დამწვარია საცხოვრებელი სახლები და განადგურებულია ათასობით ჰექტარი ტყის მასივი.
ალჟირში სტიქიას 70 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
საბერძნეთში კი ათენის მიმდებარე ტერიტორიებზე ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. დამწვარია საცხოვრებელი სახლები და განადგურებულია ფერმები. ასობით მეხანძრე ცეცხლის კერებს 24-საათიან რეჟიმში ებრძვის.
იტალიაში ცეცხლის კერები სიცილიის კუნძულზე ახალ სოფლებსა და ქალაქებს ემუქრება. მეხანძრეები ცეცხლის კერებს მიწიდან და ჰაერიდან ერთდროულად ებრძვიან. ამის მიუხედავად, ხანძარი ახალ ქალაქებსა და სოფლებს ემუქრება. სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
ხანძრის შემდეგ წყალდიდობას ებრძვის თურქეთი. სტიქიას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაკარგულებიც.
ავტორი: თიკო ცერცვაძე