28 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ჩვენ ბრძოლაში ვიმყოფებით, აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს - პრეზიდენტი პანდემიაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მოუწოდებს მრევლს კურთხევა მისცეს, კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად.

ამ საკითხზე პრეზიდენტმა დღეს, დიდგორობასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ ნამდვილ ბრძოლაში ვიმყოფებით და ამ ბრძოლაში, როგორც 900 წლის წინ, უნდა ვიყოთ წინდახედულნი, გამბედავნი და ერთად შეკრულნი. სამწუხაროა, რომ ეს საკითხიც კი გახდა ნიშნის მოგების, პოლიტიზირების, ერის დაპირისპირების საგანი. სრულიად მიუღებელია, რომ გარედან, კომფორტში მყოფი ზოგი ვითომ პოლიტიკოსი ბედავს და ცილისწამებას, შეურაცხყოფას აყენებს იმ მედიცინის სამყაროს თავდადებულ პიროვნებებს, რომლებმაც გარდა იმისა, რომ საქართველოს მედიცინა საზღვარგარეთ ასახელეს, წელიწადნახევარზე მეტია, მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ხალხს და მათი სიცოცხლის გადარჩენას. დღეს ესენი არიან ჩვენი დიდგორისეული გმირები და დიდად პატივსაცემი პროფესიონალები. მათ უნდა ვუთხრათ მადლობა.

აქაც, როგორც ყველა დიდი გამოწვევის წინაშე, მთავარი ამოსავალი წერტილი და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ჩვენს ერთობაში იყო და არის. ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა. მტერზე გამარჯვებას წინ უძღოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღესაც, აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების არჩევანის და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა. დღესაც დგას, თუმცა, დღეს, კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება. ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი. ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა, მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ. ყველანი ვიქნებით ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებლები" - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

დღის ამბები