28 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
"ვისაც მამა ჩემსავით გიყვართ, გთხოვთ, აიცერით!.. მე მამა სახლში გარდაცვლილი წამოვიყვანე" - ხატია ლომიძე

ხატია ლომიძე, რომელსაც მამა კოვიდის დიაგნოზით გარდაეცვალა, "ფეისბუქზე" საკუთარი მძიმე გამოცდილების შესახებ წერს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 

"ვისაც მამა ჩემსავით გიყვართ, გთხოვთ, აიცერით! მამა რეანიმაციაში 2 თვეზე მეტხანს იწვა და მისი დისტანციურად ნახვის შესაძლებლობა ორჯერ მომეცა. ერთმანეთის ხმა არ გვესმოდა, მარტო იმას ვხედავდი ნიკაპი როგორ უკანკალებდა და ხელის მოძრაობით შიგნით შესვლას როგორ მთხოვდა. მინდოდა ექიმს კარგად აეხსნა, რატო არ მიშვებდნენ და წამით მაინც არ ეფიქრა, რომ მისი ნახვა არ მინდოდა, ან შემეშინდა.

ექიმს უკითხავს, ვინ არისო და ჩემი პატარა გოგოო. როგორ მიხაროდა, რომ მიცნო.

მეორედ ნახვისას პირბადე მოვიხსენი, ჩემი “მხნე” სახე რო ენახა, იმის ნიშნად რო მის გადარჩენაში დარწმუნებული ვიყავი და იმედი არ დაეკარგა. აპარატიდან მოხსნისა და გაღვიძების შემდეგ ყოველ დღე ვეკითხებოდი ექიმს, ჩემთან რამის თქმას თუ აბარებდა, მხოლოდ ერთხელ შემომითვალა, სახლში როდის წამიყვანსო. რეანიმაციამდე კი პალატიდან ბოლო საუბრისას მითხრა, რო კარგად ვერ იყო და ხვალ დამერეკა. ეს “ხვალ” არ მოვიდა. მე მამა სახლში გარდაცვლილი წამოვიყვანე.

მამა ჩემი გმირია და მან ეს ბრძოლა წააგო. გთხოვთ, აიცერით! გვეყოფა სიკვდილთან წაგებული ამდენი დების, ძმების, დედების, მამების, მეუღლეების სიცოცხლე," - წერს ხატია ლომიძე. 

დღის ამბები