გვინეაში ებოლას მსგავსი ახალი ვირუსი დაფიქსირდა. ინფორმაციას გვინეის ჯანდაცვის უწყების თანამშრომლები ადასტურებენ.
ებოლას ტიპის ვირუსი მარბურგი აგრესიული ინფექციაა, ადამიანებზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და ხშირ შემთხვევაში სიკვდილს იწვევს. მას ახასიათებს თავის ტკივილი, ციებ-ცხელება, კუნთების ტკივილი, გულისრევა და სისხლდენა.
მარბურგის წინააღმდეგ ამ ეტაპზე არ არსებობს მკურნალობის მეთოდი. ექიმების თქმით, დიდი რაოდენობით წყლის მიღება და კონკრეტული სიმპტომების მკურნალობა დაავადებულის გადარჩენის შანსს მეტნაკლებად ზრდის.
მარბურგის დაავადებით გვინეაში 1 ადამიანი უკვე გარდაიცვალა. მისი მარბურგის ვირუსით სიკვდილი ლაბორატორიულად დადასტურდა. პაციენტს აგრესიული ვირუსული ინფექცია გასულ კვირას დაუდასტურდა.
ჯანმოს დირექტორი აფრიკაში, ექიმი მაჩიციდო მოეტი აცხადებს, რომ ვირუსი შესაძლოა მნიშვნელოვნად გავრცელდეს.
ამ ეტაპზე მედიკოსები გარდაცვლილის კონტაქტებს იძიებენ. იდენტიფიცირებულია 146 ადამიანი, მათ შორის ერთი ექიმიც, რომელსაც მარბურგის ვირუსით გარდაცვლილთან კონტაქტი ჰქონდა და რისკჯგუფში არიან.
ჯანმოს ინფორმაციით, ებოლას ტიპის აგრესიული ვირუსის - მარბურგის პირველი აფეთება 1967 წელს გერმანიაში დაფიქსირდა, რასაც მაშინ შვიდი ადამიანი შეეწირა.
თუმცა 2005 წელს ანგოლაში ვირუსის აფეთქებამ 200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.