საბერძნეთი, თურქეთი, კალიფორნია - მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ათასობით მეხანძრე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს. ევაკუირებულია ათი ათასობით მოქალაქე. სპეციალისტები მასშტაბურ ხანძრებს კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში სტიქიას კიდევ სამი ქვეყანა - ალბანეთი, იტალია და ჩრდილოეთ მაკედონია ებრძოდნენ.
საბერძნეთში სტიქიის ზონები კვამლმა დაფარა. კუნძულ ევიადან მოსახლეობის ნაწილის ერთადერთი გასაქცევი საშუალება ბორანი აღმოჩნდა. სტიქიამ მოსახლეობა ალყაში მოაქცია. კუნძულიდან 2 000 ადგილობრივისა და ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა. მოსახლეობამ თავი ათენთან 150 კილომეტრში მდებარე პორტს შეაფარა.
საბერძნეთისგან განსხვავებით, თურქეთში ხანძართან 13-დღიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სპეციალისტებს სტიქიის ლოკალიზებაში წვიმა დაეხმარა. მილასისა და მუღლას ერთ-ერთი პროვინციის გარდა ცეცხლის კერები ყველგან ჩამქრალია. სტიქიის შედეგად დაიწვა ათასობით სახლი და განადგურდა ათი ათასობით ჰექტარი ტყის მასივი. დაიღუპნენ ცხოველები. ხანძარს თითქმის 2 კვირის განმავლობაში 4 ათასი მეხანძრე, ასობით ტექნიკა და ვერტმფრენი ებრძოდა. სამაშველო საევაკუაციო ოპერაციებში ჩაერთნენ სამხედროებიც. ახლა მთელი ძალა დარჩენილი ცეცხლის კერების ჩაქრობისკენ არის მიმართული.
თითქმის 1 თვეა ხანძარს ვერ აქრობენ კალიფორნიაში. სტიქიას 5000 მეხანძრე უშედეგოდ ებრძვის. ფერფლად იქცა ქალაქი გრინვილი. ძლიერი დაკვამლიანების გამო მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. სტიქიის ზონებიდან 6000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ამ დრომდე დაკარგულად 4 ადამიანი ითვლება. განადგურებულია ასობით საცხოვრებელი სახლი.
გაეროს ანგარიშის თანახმად, უკიდურესი სიცხის ტალღების რაოდენობა 5 ჯერ გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი ზომების მიღების გარეშე სიტუაცია შეუქცევადი გახდება.