28 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
აშშ-ში 1500-მდე ბავშვი ჰოსპიტალიზებულია - კოვიდის შემთხვევების რაოდენობამ ახალგაზრდებსა და ბავშვებში მოიმატა

მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელი კვლავ მზარდია. შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად მომატებულია ახალგაზრდებსა და ბავშვებში. ამ დროისთვის შეერთებულ შტატებში ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობით 1500-მდე ბავშვი საავადმყოფოშია მოთავსებული. ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით გასამმაგებულია.

უკვე დღეიდან საფრანგეთის მოქალაქეებისთვის კაფეებში, ბარებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ე.წ. მწვანე ბარათის წარდგენაა საჭირო. ექსპერტების მტკიცებით, ქვეყანაში covid-19 ის ზრდის მაჩვენებელი არავაქცინირებულ ადამიანებში დელტა შტამის გავრცელებამ გამოიწვია.

დღეიდან სამხრეთ კორეა შეზღუდვებს კიდევ 2 კვირით ახანგრძლივებს. სეულში 4 ადამიანზე, საღამოს 6 საათიდან კი 2 პირზე მეტის შეკრება იკრძალება. მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

რეგულაციებს ამკაცრებს ჩინეთიც. ქვეყანაში შეზღუდვები მოგზაურობაზე დაწესდა. დედაქალაქში შესვლის მსურველებმა ე.წ მწვანე ბარათი უნდა წარადგინონ. 

დამატებით შეზღუდვებს აწესებს ავსტრალია. ლოქდაუნი უკვე მოქმედებს მელბურნსა და სიდნეიში.

ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ზამთარში ეპიდვითარება კიდევ უფრო გართულდება. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კი საზოგადოებას დროული ვაქცინაციისა და რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ.

 

ავტორი: თიკო ცერცვაძე 

დღის ამბები