28 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
როგორია ოპოზიციური პარტიების გეგმები არჩევნებამდე 55 დღით ადრე - ოპოზიცია საკუთარი კანდიდატების დასახელებას არ ჩქარობს

არჩევნებამდე 55 დღე რჩება, ოპოზიცია კი საკუთარი კანდიდატების დასახელებას არ ჩქარობს. ამ დრომდე "ქართული ოცნების" ოპონენტებისგან ცნობილია მხოლოდ ის, რომ კახა კალაძის კონკურენტი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია იქნება. არ არის ცნობილი კიდევ ვინ იყრის კენჭს დედაქალაქის პირველი პირის სტატუსისთვის, ასევე ვინ იბრძოლებს სხვა ქალაქების მერობის და საკრებულოს დეპუტატობისთვის. არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი კი ყველას გაკეთებული აქვს.

"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბში მზადება აქტიურ ფაზაშია. ნიკა მელიას გარშემო ოპოზიციური ერთობა ვერ შედგა, თუმცა შესაძლოა ოპოზიციის ნაწილმა ძალები ზოგიერთ რეგიონში ერთი კანდიდატის ირგვლივ გააერთიანოს. ყველაფერი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა.

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე დაწყებულია, თუმცა ამომრჩეველი ჯერ მხოლოდ მმართველი გუნდის კანდიდატებს იცნობს, ოპოზიციიდან ამ დრომდე მხოლოდ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებია წარდგენილი.

პარტიების ნაწილი სტრატეგიას გეგმავს, ნაწილი კი ამ დრომდე კონსულტაციების რეჟიმშია. კოლეგა ოპოზიციონერი პარტიების მსგავსად "მოქალაქეებიც" 2 ოქტომბრის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მათი ამომრჩეველიც ამ დრომდე ინფორმაციულ ვაკუუმშია.

კანდიდატების დასახელებას ელოდებიან "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებელის" მხრიდანაც. ორივე ეს პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მესამე პოლიტიკური ძალის სტატუსისთვის იბრძვის. რატომ ვერ ასახელებენ კანდიდატებს ახსნა სხვადასხვაგვარია, "ლელო" ამას სტრატეგიის ნაწილს უწოდებს, გიორგი ვაშაძის პარტიაში კი ეს განსხვავებული წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

ოპოზიცის გეგმები მმართველ პარტიას მომგებიან პოზიციაში აყენებს. კახა კალაძემ დედაქალაქის მასშტაბით წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა იცის იმ კანდიდატების ვინაობაც, ვინც დედაქალაქთან ერთად მაჟორიტარად რეგიონებშია დასახელებული. 

საარჩევნო კამპანია აქტიურ და გადამწყვეტ ფაზაში სექტემბერში შევა. პარტიებს სწორედ ამ დრომდე აქვთ შესაძლებლობა დედაქალაქთან ერთად ყველა ქალაქში საკუთარი კანდიდატები წარადგინონ.

დღის ამბები