28 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს დღეებში წარადგენენ

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება. ამომრჩევლებმა ჯერ კიდევ არ იციან იმ პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

პარტიების უმრავლესობა, რომლებსაც გაცხადებული აქვთ, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში საზოგადოებას და მათ ამომრჩევლებს საკუთარ სტრატეგიულ გეგმას წარუდგენენ და ასევე დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს გააცნობენ.

"ცალკე დამოუკიდებელი კამპანიის ჩატარებას ვაპირებთ თბილისში. ასე ღიად არც ერთ კანდიდატს არ ვუჭერთ მხარს, ჩვენ ახლა ვატარებთ კვლევას და შევეცდებით, რომ გვყავდეს ჩვენი კანდიდატი. რაც შეეხება რეგიონებს, ბევრ ადგილას უკვე ვიცით ვინც იქნება ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი და შევეცდებით მიზიდულობის, საარჩევნო გრავიტაციის ცენტრები შევქმნათ ამ კანდიდატების ირგვლივ," - აცხადებს "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე.

რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე კანდიდატების წარდგენა, პარტიების უმრავლესობას აქვს განსხვავებული მოსაზრება. მათი ნაწილისთვის ეს არის განსხვავებული წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, ხოლო დანარჩენები ამბობენ, რომ ამ დრომდე კონსულტაციების რეჟიმში არიან.

"ეს არის რთული და კომპლექსური პროცესი და ამ გადაწყვეტილების მიღებას, ბუნებრივია, სჭირდება დრო და ზუსტად ამიტომაც, ჩვენ ძალიან მალე ინფორმაციას ჩვენი გეგმების შესახებ საზოგადოებას გავაცნობთ," - ამბობს "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი საბა ბუაძე

ენმ-ს წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით, ზოგ რეგიონში პარტიას ეყოლება საკუთარი კანდიდატი, ხოლო ნაწილში კი ოპოზიცია საერთო კანდიდატებს წარადგენს.

"უახლოეს დღეებში გადაწყდება კონკრეტული კანდიდატების საკითხი, რაზე შევთანხმდით ოპოზიციასთან და შესაბამისად სრული დატვირთვით ჩავერთვებით რეგიონებშიც საარჩევნო კამპანიაში," - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი კონკურენტების გეგმები მათი პრობლემა არ არის და თუ ოპოზიცია უახლოეს დღეებში კანდიდატებს ვერ დაასახელებს, ეს პირველ რიგში სწორედ ოპოზიციური პარტიების რეიტინგში იმოქმედებს.

"მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არა მხოლოდ საქართველოში, ნებისმიერ ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც უკვე დაწყებულია საარჩევნო კამპანია და რომელიმე პარტია თუ პარტიები ვერ ასახელებენ საარჩევნო კანდიდატს, ეს ბუნებრივია მათ რეიტინგზეც აისახება იმიტომ, რომ ზოგ შემთხვევაში ადამიანური რესურსი არ არის, ან შიდა განხეთქილებებია და ვერ ჯერდებიან კონკრეტულ კანდიდატებზე, ზოგ შემთხვევაში სხვა მიზეზებია. გარდა ჩვენი პარტიული რეიტინგისა ეს ფაქტორიც იმუშავებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" ექნება გაცილებით უფრო მაღალი რეიტინგები, ვიდრე ყველა დანარჩენს ერთად," – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტიის ოპონენტები არჩევნებისთვის მზად არ არიან.

დღის ამბები