28 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
მზად ვარ დავიკავო ჩვენი გმირი ექიმების გვერდზე ადგილი და ჩავიცვა ისევ თეთრი ხალათი - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებას ემოციური სიტყვებით მიმართა და რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობისკენ მოუწოდა.

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ახლა ქვეყანაში ეპიდვითარების მხრივ ურთულესი პერიოდია და შესაბამისად, ის თავად მზად არის ექიმის პროფესიას დაუბრუნდეს.

"მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მაინც გვიწევს დღეს დავაკვირდეთ იმ ხალხმრავალ შეკრებებს, რომლისგანაც ჩვენ თავს ვერ ვიკავებთ. იმ სოციალურ ღონისძიებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვთმობთ და სწორედ მათ გამო ჯანდაცვის სექტორი დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

ეს რეკომენდაციები არ არის რეკომენდაციები რეკომენდაციებად. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს და მე მზად ვარ დავიკავო ჩვენი გმირი ექიმების გვერდზე ადგილი, ჩავიცვა ისევ თეთრი ხალათი და დავდგე ამ ურთულეს ბრძოლაში.

ყველას გთხოვთ იგრძენით ის მაღალი მორალური პასუხისმგებლობა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ კოვიდ პანდემია. 

დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, შეიძლება ვიყავი ზედმეტად ემოციური, რაც მე არ მახასიათებს და ალბათ ყველა აკვირდებით, რომ ეს წელიწადნახევარია ჩვენგან მსგავსი აღელვება საზოგადოებას არ უნახავს, მაგრამ დღეს ჩვენ ნამდვილად ვდგავართ კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც მე, შესაძლოა, ვერ შევძლო გავცე ჩვენ რომელიმე მოქალაქეს პასუხი, თუ რატომ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე და ჩემთვის ეს იქნება ძალიან რთული," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები