28 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
"ხვალ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე"- პრემიერის თქმით, პანდემია ჩაკეტვებით ვერ დამარცხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, Pfizer-ის ვაქცინით აიცრა, აცხადებს, რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

​მან მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

"დღეს მე ავიცერი ფაიზერის ვაქცინით. მოგეხსენებათ, რომ 4 თვის წინ გადავიტანე კოვიდი, საკმაოდ იოლ ფორმებში, მაგრამ ამის მიუხედავად, რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა, მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად გადავწყვიტე ჩავიტარო აცრა, რომ კიდევ უფრო გავიძლიერო იმუნიტეტი.  

დღეს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივმართო მოსახლეობას თხოვნით, რომ ყველამ ჩავიტაროთ აცრა. ბევრი შემთხვევაა, რომ ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი და შემდეგ მათ დაუინფიცირებიათ მშობლები, ახლობლები, მეგობრები, რომელთა სიკვდილიანობაც დამდგარა. ამის თავიდან ასარიდებლად ერთადერთი გამოსავალი, რაც მთავრობას და მეცნიერებს შეუძლიათ შესთავაზონ მოსახლეობას, არის აცრა, ეს მარტივი აცრა.

ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში, პანდემიის დასამარცხებლად არის ვაქცინაცია. ჩვენ და მსოფლიომ გამოსცადა ყველაფერი - ლოკდაუნები, სრული ჩაკეტვები და ა.შ. რამაც გამოიწვია ძალიან დიდი ზიანი, ეკონომიკას მიადგა დიდი ზიანი, მილიონობით ადამიანი მსოფლიოში დარჩა უმუშევარი და დაინგრა ეკონომიკები.

ბოლო პერიოდში, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. ჩამოვიტანეთ სამ მილიონზე მეტი ვაქცინა - ყველანაირი ვაქცინა გვაქვს - ჩინური, ტრადიციული, გვაქვს Pfizer. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ ჩაკეტვებით ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ, შეიძლება გავწელოთ პროცესი, მაგრამ პანდემიის დამარცხება შეგვიძლია მხოლოდ ვაქცინით და აცრებით.

ხვალ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება, მით უმეტეს, შევდივართ რა აქტიურ საარჩევნო ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ არჩევნები. გამოვედი ინიციატივით, რომ ცესკოს შევთავაზეთ, მაქსიმალურად მოკლე დროში, ვაქცინაცია ჩავუტაროთ კომისიის ყველა წევრს, ასევე კანდიდატებს გვსურს, რომ შევთავაზოთ ვაქცინაცია და ყველას ვინც არის ჩართული არჩევნებში, იმისათვის, რომ მართლაც მაღალი სტანდარტით ჩავატაროთ კოვიდისგან დაცული უსაფრთხო არჩევნები,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

დღის ამბები