28 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ნახტომისებური ზრდა ბოლო დღეებში აღარ ყოფილა, თუმცა შემთხვევების მატება გრძელდება - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატება გრძელდება და პიკი დასტაბილურებული არ არის. თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ჰოსპიტალიზაციის პროცენტი იმაზე ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში იყო. 

"ნახტომისებური ზრდა ბოლო დღეებში აღარ ყოფილა, თუმცა როგორც ვხედავთ, შემთხვევების მატება გრძელდება. ანუ, პიკი, რომელიც დღეს გვაქვს, ჯერჯერობით, არ არის დასტაბილურებული.

ამდენად, გარკვეული ზრდის მოლოდინი, როგორც იკვეთება მიმდინარე ტენდენციიდან, მომდევნო კვირაშიც უნდა გვქონდეს. შემთხვევების უდიდესი ნაწილი რჩება ბინაზე. ჩვენ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი დღეს გვაქვს იმაზე ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე გვქონდა ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში,“ - აცხადებს თამარ გაბუნია.

აქვე, თამარ გაბუნია ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობის მიერ გამოცემულ განკარგულებას აფასებს.

"პროცესში ჩაერთვებიან როგორც მუნიციპალური დონის საავადმყოფოები, რომლებიც ემსახურებიან სოფლის მოსახლეობას საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში და მათ ე.წ. დამატებითი პაკეტის სერვისის მიწოდების ვალდებულება აქვთ. ასევე, მათ უკვე დაემატებათ ვალდებულება, უზრუნველყონ სოფლის ექიმებთან თანამშრომლობით მოსახლეობის აცრა,“- აცხადებს თამარ გაბუნია.

განკარგულების საფუძველზე, ვაქცინაცია განხორციელდება სამედიცინო ან არასამედიცინო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან ბინაზე, გადაადგილებაშეზღუდული პირებისთვის.

მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ, უზრუნველყონ ამცრელი ბრიგადის დაკომპლექტება შესაბამისი სამედიცინო პერსონალით და ვაქცინაციისთვის საჭირო აღჭურვილობით.

 

 

დღის ამბები