28 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
"ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, დავემორჩილო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას და არავის და არაფერს სხვას" - საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს. პრეზიდენტის კვოტით სასამართლოში გამწესებული თამაზ საბუტაშვილი 10 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ გიორგი თევდორაშვილმა ჩაანაცვლა. ის თსუ-ს პროფესორია.

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

"ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, კეთილსინდისიერად აღვასრულო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მოვალეობა და მისი აღსრულებისას დავემორჩილო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას და არავის და არაფერს სხვას, გარდა საქართველოს კონსტიტუციისა.

იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებ შევიტანო მოკრძალებული წვლილი საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარების საქმეში და იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უკანასკნელი წლების მანძილზე დემოკრატიის სადარაჯოზე,"- განაცხადა გიორგი თევდორაშვილმა ფიცის დადებისას. 

ცერემონიას პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დაესწრო.

"თქვენ გახსოვთ ბოლო წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმები, რომლის შედეგადაც საზოგადოებამ მიიღო საპარლამენტო დემოკრატიის ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული ქვეყნის ძირითადი კანონი.

ახალი სტანდარტებით, საკონსტიტუციო სასამართლო უზრუნველყოფს კონსტიტუციით დადგენილი პრინციპების და ნორმების სათანადოდ დაცვას, ეს არის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წინაშე,"-განაცხადა კუჭავამ. 

ცერემონიაზე უნდა მისულიყო პრეზიდენტიც, თუმცა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ განაცხადა, იგი ობიექტური მიზეზების გამო, ცერემონიაზე ვერ მივიდა.

დღის ამბები