28 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
"კომისია არ დაინტერესებულა ლუკა სირაძის ოჯახის პოზიციით" - საია მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლებას კრიტიკულად აფასებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც 15 წლის გარდაცვლილის, ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესებს იცავდა, მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლებას კრიტიკულად აფასებს. 

"კომისია არ დაინტერესებულა ლუკა სირაძის ოჯახის პოზიციით და ეს მიგვანიშნებს, რომ არ იყო სრულყოფილად გამოძიებული სამართალდამცავის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაული. ერთადერთი ადამიანი დააკავეს და ის პირველივე შესაძლებლობისთანავე გაათავისუფლეს. ეს ყველაფერი მოხდა სასამართლოს გავლით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს სამართლიანი გამოძიება,"- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი. 

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რათა მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება მომხდარიყო.

"ყველა იმ კრიტერიუმებს რომელიც არის ნორმატიულ აქტში განსაზღვრული, რომლითაც ხდება რეგულაცია, ვინ უნდა იყოს გათავისუფლებული და ვინ არა, აღნიშნულ კრიტერიუმებს მარიანა აკმაყოფილებდა. შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, ჩვენს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სასამართლომ ობიექტურად შეაფასა, რის საფუძველზეც მუდმივმოქმედ საბჭოს დაუბრუნა განსახილველად და ბათილად ცნო ის უარი, რომელიც თავის დროზე უთხრა მუდმივმოქმედმა საბჭომ მარიანა ჩოლოიანს და ამის შემდეგ მოხდა გათავისუფლება,"- განმარტავს მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელს მოზარდისთვის ჩვენების იძულებაში ედებოდა ბრალი. მას 3 წელი ჰქონდა მისჯილი.

დღის ამბები