ბოლო 24 საათში კორონავირუსმა კიდევ 38 მოქალაქე იმსხვერპლა, ხოლო დაინფიცირდა 4000-ზე მეტი ადამიანი. ვირუსის გავრცელების სტატისტიკა სულ უფრო საგანგაშო ხდება - შემთხვევების ეპიცენტრი დედაქალაქია, სადაც თითქმის 2000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე, საველე ჰოსპიტლების გაშლა არ იგეგმება, თუმცა, თუ ინფიცირების პიკი შენარჩუნდა, შესაძლოა, კვლავ დაწესდეს შეზღუდვები.
"კოვიდ 19"-სგან თავის გადარჩენის ერთადერთ გზად კვლავ ნიღბის ტარება და ვაქცინაცია რჩება. დღეიდან საქართველოს მოსახლეობაში ყველაზე პოპულარული ვაქცინა Pfizer-ით აცრის საშუალება მოქალაქეებს უკვე პოლიკლინიკებში და დიდ სივრცეებშიც აქვთ.
მიმდინარეობს მუშაობა მობილური ჯგუფების დაკომპლექტებაზეც, რომლებმაც მოსახლეობის იმუნიზაცია სოფლებში უნდა განახორციელონ.
ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო აცრა ოთხი პრეპარატითაა შესაძლებელი, ესენია: Sinovac-ი, Sinopharm-ი, AstraZeneca და Pfizer-ი, თუმცა, ვაქცინაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ არაა საკმარისი ვირუსის დასამარცხებლად. ამ დროისთვის, საქართველოში სრულად 171 908 მოქალაქეა აცრილი.