ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ჩვენი ქვეყნის ღირსებას არაერთი უცხოელი სპორტსმენი იცავს, თუმცა პირველი, ვინც საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მედალი მოუტანა, უკრაინელი ძალოსანი ანტონ პლესნოი იყო. 96 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე 24 წლის ათლეტმა, ჩვენს დელაგაციას პირველი ბრინჯაოს მედალი შესძინა და თანაც ამის გაკეთება ტრავმირებული ფეხით შეძლო.
ანტონ პლესნოი წარმოშობით უკრაინიდან, დონბასიდანაა, მაგრამ წლებია უკვე საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს სახელით გამოდის. მას სერიოზული უთანხმოება ჰქონდა უკრაინის ძალოსნობის ფედერაციასთან, რის გამოც გადაწყვიტა, სხვა ქვეყნის სახელით ეასპარეზა. პლესნოის საქართველოს დროშის ქვეშ ოლიმპიურ მედლამდე, ევროპის ჩემპიონატის ოქრო და ბრინჯაო, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.
უკრაინელმა ძალოსანმა ქართველ გულშემატკივრებს თავი მიმდინარე წლის 9 აპრილსაც დაამახსოვრა, როდესაც მოსკოვში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ქართველი ქომაგები მედლებს ახლა ლაშა ტალახაძისგან ელოდებიან - ოლიმპიური ჩემპიონობის ყველაზე რეალური შანსი სწორედ მას აქვს.
ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ტოკიოს ფიცარნაგზე 4 აგვისტოს გამოვა.
ავტორი: დავით ფრანგიშვილი