28 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებული 3 ჩვილი ისევ მართვით სუნთქვაზე რჩება - ქვეყანაში ბრიტანულ შტამს ვირუსის ე.წ. ინდური ვერსია ანაცვლებს

სპეციალისტების მოლოდინები ყოველდღიურად მართლდება - ქვეყანაში ბრიტანულ შტამს გეომეტრიული პროგრესიით ვირუსის ინდური ვერსია ანაცვლებს. ექიმები თანხმდებიან, რომ ჯანდაცვის სფერო კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგება. მედიკოსების ვარაუდი ასეთია - ინდური შტამი დომინანტი ზაფხულის ბოლო თვეში გახდება.

თუ ეპიდემიის დასაწყისში მედიკოსები ყურადღებას ხანში შესულ და ქრონიკული დაავადების მქონე პირებზე ამახვილებდნენ, დღეს დელტა ვარიანტმა სამიზნე ასაკობრივი ჯგუფები შეცვალა და საფრთხე ბავშვებს შეუქმნა.  

მორიგი, რთული გამოწვევის წინაშე მყოფი მედიკოსები, გამოსავლის ძიებაზე ფიქრობენ. მთავარი რეკომენდაცია ისევ რეგულაციების დაცვაა.

ამ დრომდე მძიმე რჩება 2 თვის ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც ინდური შტამი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვთან ერთად მართვით სუნთქვაზე კიდევ ორი მცირეწლოვანი რჩება. 

ვირუსთან ბრძოლის მთავარ იარაღად მედიკოსები აცრას ასახელებენ. დღეს ქვეყანამ ”ასტრაზენეკას” 43 000-ზე მეტი დოზა მიიღო.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმებაზე დადებითობის მაჩვენებელიც ცხადად მეტყველებს, რომელიც ხუთ პროცენტს მიუახლოვდა. ბოლო 24 საათში საქართველოში 1364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 423 პაციენტი გამოჯანრმთელდა და 22 ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები