28 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
"სულ ერთ ადგილზე მკიდია ცრემლები... ამას ვინ მიეკარება ... თუ გინდათ, წაიყვანეთ და ლოგინში ჩაიწვინეთ" - "თელასის" მაღალჩინოსანს დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

"თელასის" მაღალჩინოსანს დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ - კომპანიის ფინანსური სამსახურის უფროსს, სახალხო დამცველის ოფისის შემდეგ, განმარტებების მიცემა ამჯერად გამოძიებისთვის მოუწევს. მიზეზი ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებია.

გინება, ფსიქოლოგიური ძალადობა, დისკრიმინაცია - შევიწროებაში კომპანია "თელასის" ფინანსური სამსახურის უფროსს ყოფილი თანამშრომელი ადანაშაულებს. ახალგაზრდა ქალი კამერებთან არ საუბრობს. მისი ადვოკატი კი ამბობს, რომ საქმეში არსებობს ჩანაწერები, სადაც კარგად ისმის, როგორ აყენებს ის თანამშრომელს შეურაცხყოფას. ინტერესების დამცველის თქმით, ეს კონკრეტული ფაქტი ერთი წლის წინ მოხდა, თუმცა მსგავს შემთხვევებს სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. ადვოკატმა საგამოძიებო ორგანოს მიმართა, საქმეზე გამოკითხვა ორშაბათს არის დაგეგმილი.

ვიდრე ადვოკატი ჩანაწერებს გაასაჯაროებს, მათი შინაარსი სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში უკვე მოხვდა. დოკუმენტის მიხედვით "თელასის" მაღალჩინოსანი თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებს და უცენზურო სიტყვებით მიმართავს.

"სულ ერთ ადგილზე მკიდია ცრემლები", "ამას ვინ მიეკარება", "თუ გინდათ, წაიყვანეთ და ლოგინში ჩაიწვინეთ", "ცოტა გაასწორეთ ის ტვინები, მიხვდით რო დედას მოვუ**ნავ სუყველას, მე ვერ მომერევით, გაიგე?!" - ეს ფრაზებია მოყვანილი ანგარიშში.

პრობლემით დაინტერესების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა საქმე შეისწავლა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას. აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის თქმით, მათ რეკომენდაციებით კომპანიას მიმართეს, რომ შემუშავდეს შიდა რეგულაციები. ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შეურაცხმყოფელი განცხადებები მაღალჩინოსნის მხრიდან განსხვავებული აზრი გამოთქმას მოჰყვა.

"კურიერი" დაუკავშირდა კომპანია "თელასს", სადაც ინტერვიუზე უარს ამბობენ. სახალხო დამცველისთვის მიცემულ განმარტებაში კი ბრალდების ადრესატი ჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს.

დღის ამბები