28 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
მივმართავ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყველა ქალს - სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალებს სოლიდარობას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალებს სოლიდარობას უცხადებს.

"მადლობა ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო ემანუელ, 

მადლობა საფრანგეთს ამ ფორუმის ორგანიზებისათვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც მუდმივ ბრძოლას წარმოადგენს და რომელიც კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

დღეს მე აქ ვარ, როგორც მსოფლიოში არჩეული 9 ქალი პრეზიდენტის ერთადერთი წარმომადგენელი. მსოფლიოში ქალი პრეზიდენტები ძალიან ცოტანი არიან, ამასთან, მსოფლიოში 13 ქალი პრემიერმინისტრია, თუმცა ქალი ლიდერების ეს რაოდენობა ამ ბრძოლაში საკმარისი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალ ლიდერებს ამ მიმართულებით უფრო მეტი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, იმისათვის, რომ ხვალ თანასწორობას მივაღწიოთ. საჭიროა არსებობდეს უფრო მეტი ქალი ლიდერი, რადგან მხოლოდ ასე განვახორციელებთ ცვლილებებს. 

რაც ეხება ჩემს ქვეყანას, მე მესმის ჩემი პასუხისმგებლობა და დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვუერთდებით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ორ კოალიციას.

სტამბოლის კონვენცია ქართულ კანონმდებლობაში სრულად აისახება. ეს არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო და ვალდებულება, რომლის ბოლომდე მისაყვანად  მე ყველაფერს გავაკეთებ. 

საქართველოს მიერ აღებული მეორე ვალდებულება შეეხება იმას, რომ ქალებმა იპოვონ საკუთარი ადგილი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში. ეს სექტორი ყველა ქვეყნის მომავალს წარმოადგენს და ქალები უნდა იყვნენ და უფრო მეტიც, ქალები თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილი.

ასევე მინდა შევეხო ორ კონკრეტულ გამოწვევას, რომელიც ვფიქრობ, ყველა ქვეყნისათვის საერთოა. 

ეს არის ქალთა მიმართ ონლაინძალადობა და მე შემიძლია ამაზე საუბარი, რადგან მე ეს გამოვიარე ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს და არა მხოლოდ იმ პერიოდში, არამედ შემდეგაც. ეს ის საკითხია, რომელიც ხელს უშლის და ზღუდავს პოლიტიკაში ქალების ჩართულობას, რადგან შეტევა სხვა მეთოდებით მათზე პიროვნულად ხორციელდება და ვფიქრობ, ჩვენი კანონმდებლობა უნდა პასუხობდეს ამ პრობლემას, თუ გვსურს, რომ ხვალ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში. 

მეტი ქალი პოლიტიკაში ნიშნავს მეტ ქალს პარლამენტში, მეტ ქალ კანონმდებლობის შექმნაში, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება. 

მეორე საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, რომელიც უფრო აქტუალური და ძალიან მტკივნეული პრობლემაა ჩემი ქვეყნისთვის (მაგრამ არამხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის).

ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უპირველესად ქალები არიან ყოველდღიური ოკუპაციის ძალადობის მსხვერპლნი, ისინი, ვინც ყველაზე მეტად ზარალდებიან! 
და მე შემიძლია ამაზე აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მყოფი ქალების სახელით ვისაუბრო. 

დღეს მე აქ მათ წარმოვადგენ, რადგან ისინი ჩემი ქვეყნის მოქალაქეები არიან - ჩემი მოქალაქეები, და ისინი ყოველდღიურად ზარალდებიან. 

პანდემიისას ისინი კიდევ უფრო დაზარალდნენ, რადგან მათ არ აქვთ უფლება ჰქონდეთ წვდომა იმ სამედიცინო სერვისებზე და ვაქცინებზე, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ამიტომ ისინი, რაღაც მხრივ, ორმაგად საზარელ მდგომარეობაში არიან. ქალები კონფლიქტის ზონაში ორმაგ ძალადობას განიცდიან, ვიდრე კაცები. 

ამიტომ, ეუთოს თავმჯდომარესთან ერთად, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალების კონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოვედი, რომლებიც ყველა იმ რეგიონიდან იქნებიან, სადაც ისინი გენდერზე დაფუძნებული ძალადობის ამ ძალიან პირდაპირ ფორმას განიცდიან. 

ასე რომ, მე მინდა ვესაუბრო კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყველა ქალს, ვინც ამ სიტუაციაშია და ვუთხრა, რომ ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ, ჩვენ წინააღმდეგი ვართ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის, წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი ადამიანისკენ მიმართული სიძულვილის ენის ნებისმიერი ფორმის - ეს არის ჩვენი მესიჯი დღეს!,"- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

დღის ამბები