28 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
საბედისწერო სტუმრობა ზესტაფონში - მკვლელობით დასრულებული სისხლიანი ღამის დეტალები 

ზესტაფონში თამარ მეფის ქუჩაზე სამართალდამცველები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. პოლიციელებმა რამდენიმე კვების ობიექტის თანამშრომელი დაკითხეს. მათმა ნაწილმა სისხლიანი ღამის დეტალები "კურიერთანაც" გაიხსენა.

წინასწარი ინფორმაციით, 30 წლამდე ვანო ბანცაძე ზესტაფონში, მეგობართან სტუმრად იყო ჩასული. თამარ მეფის ქუჩის 65-ში ამავე დროს იმყოფებოდნენ მასპინძლის ნათესავები - შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი და მისი ბიძა. სტუმრებს შორის სახლში დაწყებული სიტყვიერი კამათი ქუჩაში ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რასაც 20-მდე პირი ესწრებოდა. ამის შემდეგ ბანცაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა პოლიციელის ბიძამ სამართალდამცველის იარაღით მიაყენა. გამოძიების ინფორმაციით, მოხდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურებაც.

ცხედარს ექსპერტიზა მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდა. ამ დროისთვის ის ხარაგაულშია გადასვენებული. ვანო ბანცაძის ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ მას დაკავებულ პირებთან კონფლიქტი აქამდე არასოდეს ჰქონია და მომხდარის მოტივი მათთვის უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით 3 პირია დაკავებული. სამართალდამცველის ბიძის შემთხვევაში გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღის გადაცემის ფაქტს, მესამე ბრალდებულს კი ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებას ედავებიან.

დღის ამბები