28 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
რა პასუხები აქვთ ამირან გამყრელიძეს და ეკატერინე ტიკარაძეს ვაქცინების დეფიციტზე - ვაქცინაციის პროცესის აუდიტი დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტმა ვაქცინაციის შეფერხების მიზეზების შესწავლა დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან დაიწყო.

დილით, 10:00 საათზე ლუგარის ლაბორატორიის ტერიტორიაზე იურისტები მივიდნენ და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეაგროვეს. რამდენი დოზა AstraZeneca შემოვიდა საქართველოში და როგორ ხდებოდა პრეპარატის გადანაწილება - ამ კითხვებზე პასუხი დასკვნებმა უნდა გასცეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას არ გაურბის. დასაწყობებული ვაქცინა ჯერ ჯანდაცვის საზოგადოებრივ ცენტრებში და შემდეგ კლინიკებში ნაწილდება. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამტკიცებს, რომ ვაქცინები არ დაკარგულა და აუდიტის დასკვნას ელოდება. ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს ამშვიდებს, რომ აცრის გარეშე არავინ დარჩება.

აუდიტის სამსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც შევიდა, კლინიკაში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დარჩა რევაქცინაციის გარეშე.

შემოწმების გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. რამდენად სწორად მიმდინარეობდა იმუნიზაცია და დღის განმავლობაში რამდენი ერთეული ვაქცინა იყო გამოყენებული პროცესს აუდიტორები შეისწავლიან. პარალელურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კლინიკაში ვაქცინის შენახვის პირობები შეამოწმა.

რამ გამოიწვია ვაქცინის დეფიციტი? - ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის პროცესის შეფერხება და რისკები ერთის მხრივ პრეპარატის მწარმოებელ კომპანიას დაუკავშირა და მეორეს მხრივ კონკრეტული პირების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებაც არ გამორიცხა. მინისტრი დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამერიკის ელჩთან ერთად იმყოფებოდა.

აშშ საქართვლოს ვაქცინაციის პროცესში დაეხმარება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისულმა ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოს მილიონი დოზა ვაქცინა  ექნება.

მანამდე კი საქართველო AstraZeneca​-ს 43 ათას დოზას ელოდება. დღეიდან რეგისტრაციის ფანჯარა გაიხსნა იმათთვის, ვინც პირველი აცრიდან 10-12 კვირის პერიოდში იმყოფება. დანარჩენებს რამდენიმე დღე ლოდინი მოუწევთ. პირველი აცრისთვის რეგისტრაცია გავლილებს პრეპარატის არ არსებობის გამო ჯავშანი გაუქმებული აქვთ. დაავადებათა კონტროლი მათ სურვილის მიხედვით სხვა ვაქცინებს სთავაზობს.

დღის ამბები