28 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ქალთა კვოტირების წესი იცვლება - მცირდება თუ არა ქალთა წარმომადგენლობა თვითმმართველ ორგანოებში

ქალთა კვოტირების წესი იცვლება. თუ აქამდე პარტიებს ჰქონდათ ვალდებულება საარჩევნო სიაში ყოველი მეორე ქალი ყოფილიყო, ახლა ეს ყოველი მესამეთი იცვლება. ქალთა მოძრაობის წევრებმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს და თქვეს, რომ ახალი ცვლილება თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა თანასწორ თანამონაწილეობას ზღუდავს. 

საარჩევნო კოდექსში ახალი ჩანაწერის მიხედვით, 2028 წლამდე თვითმმართველობის არჩევნებში სიის შედგენის წესს პარტია იმგვარად განსაზღვრავს, რომ სიაში ყოველი სამიდან ერთი კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. აქამდე არსებული რედაქციით, ეს ვალდებულება პარტიას ყოველ მეორე წევრზე ჰქონდა. კანონპროექტის ავტორის განმარტებით, ცვლილება არჩევნებში ქალთა რაოდენობრივ წილს არ ცვლის.

პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ქალთა უფლებების დასაცავად ბრძოლას აპირებენ გენდერული საბჭოს წევრებიც. თუმცა ქალი დეპუტატები მმართველი პარტიიდან, ოპონენტებისგან განსხვავებით, არ მიიჩნევენ, რომ ქალთა კვოტირების წესის ცვლილება დისკრიმინაციული ხასიათისაა.

საარჩევნო კოდექსში შესატანმა ცვლილებებმა დეპუტატების მხარდაჭერა იურიდიულ კომიტეტზე გასულ კვირას მიიღო. საკითხის მუხლობრივი განხილვა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. საბოლოოდ როგორი ფორმულირებით გაიწერება ქალთა კვოტირების საკითხი კანონპროექტში, მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

დღის ამბები