28 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
მოსამართლეების შერჩევა - "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, შესაძლოა, ოპოზიციისთვის კიდევ ერთი ბოიკოტის მიზეზი გახდეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესი პარლამენტში ინაცვლებს. "ქართული ოცნება" მოსამართლეების არჩევას არ წყვეტს - გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა პოლიტსაბჭოზე მიიღო. სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა და "ქართულ ოცნებას" შარლ მიშელის დოკუმენტისთვის არ გადაუხვევია.

კობახიძეს მალევე უპასუხეს საკანონმდებლო ორგანოში. მამუკა ხაზარაძემ ინიციატივაც კი წამოაყენა - თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტში გაგრძელდება და პროცესი არ შეჩერდება, "ლელო" ბოიკოტს დაუბრუნდება.

"ლელოს" იდეა მოსწონთ "ნაციონალურ მოძრაობაში", თუმცა, პარტიაში ამბობენ, რომ ჯერ საკითხზე პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს. სხვა ოპოზიციურ პარტიებს "ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ბოიკოტის იდეას არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შესაჩერებლად პარლამენტის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ. ერთადერთი, რაზეც ოპოზიციას საერთო მოსაზრება აქვს - შარლ მიშელის შეთანხმებაა, რომელსაც, მათი თქმით, "ქართული ოცნება" არღვევს. 

მმართველი გუნდის დეპუტატები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გაგრძელებით შარლ მიშელის შეთანხმება არ დარღვეულა. ეხმაურებიან მამუკა ხაზარაძესაც და ამბობენ, რომ მისი ინიციატივა პასუხისმგებლობის გაქცევას ჰგავს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 9 კანდიდატის სია პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. საკითხის კენჭისყრამდე კი დეპუტატები ყველა კანდიდატს ცალ-ცალკე უნდა გაესაუბრონ.

დღის ამბები