28 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
რამე მეტყობა იდიოტობის? თუ რამე დარღვევა იქნება მე მივიღებ გადაწყვეტილებას, არ შევათანხმებ, არ მჭირდება - მთავარეპისკოპოსი იაკობი

ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის მმართველად გუშინ დაინიშნა, უკვე ადგილზე იმყოფება. როგორც მთავარეპისკოპოსმა იაკობ იაკობაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დანიშვნა არა მისი სურვილით, არამედ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით მოხდა. თუმცა მთავარეპისკოპოს იაკობს იმედი აქვს, რომ დაკისრებულ პასუხისმგებლობას კარგად შეასრულებს.

ნინოწმინდის პანსიონის ახალმა მმართველმა მის წინამორბედზეც ისაუბრა:

"აქ არის ნინოწმინდა, ის არის სხალთელი ეპისკოპოსი. რთულია ყოველდღიურად აქ იყო, ჩემთვის შედარებით ადვილია, მონასტრული ცხოვრება გავლილი მაქვს სრულად. ერშიც დიდი გამოცდილება მქონდა და სადმე რომ შევდივარ, ეს იქნება საეკლესიო თუ საერო, ვამჩნევ ისეთ რამეს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. ამას გავარკვევთ დავლაგდებით, ბავშვებს სტრესს მოვუხსნით... მე კარგად მხვდებიან. მეუფე ჩემზე მეტად უყვართ, რა თქმა უნდა, კარგად გაზრდილები არიან და ბუნებრივად მიმიღეს.

ვინ წამოვიდოდა აქ... ვინ ისურვებდა წამოსვლას, დამისახელეთ ადამიანი ჩვენი საეკლესიო იმიდან, ვინ ისურვებდა.... მე რამე მეტყობა იდიოტობის, რომ მაგი მესურვა. მე როცა ის იყო, ქორეპისკოპოსობაც დავტოვე და საფინანსო სამსახურიც. სკამი და თანამდებობა არაფერი არაა ცხოვრებაში. იმიტომ ვარ ხოლმე შედარებით ისა...

მოკლე პერიოდში, თუ რამე დარღვევა იყო პირადად მე მივიღებ გადაწყვეტილებას, არ შევათანხმებ, არ მჭირდება, უკვე მომცეს ის უფლებამოსილება, რომ გავარკვიო. თუ ვინმე ბავშვს უდიერად ეპყრობა, მას ჩვენთან ადგილი ვერ ექნება. ერთად აღარ ვიქნები. მე წავალ, თუ ის წავა მაგას ვნახავთ. ვინც არ უნდა იყოს, მარტო აღმზრდელებზე ნუ გადავდივართ. დაგვაცადეთ მუშაობა, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ნერვები ადვილად ან საერთოდ ეშლება," - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

შეგახსენებთ ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიამ და არასამთავრობო სექტორმა გაავრცელა, პანსიონში მონიტორინგისთვის დაშვებას რამდენიმე წლის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა სახალხო დამცველიც.

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე გაირკვა, რომ სამართალდამცავ ორგანოებში პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 4 საქმეა აღძრული, მათ შორის ძალადობისა და გაუპატიურების სავარაუდო ფაქტებზე.

ბავშვთა უფლებადამცველების საჩივრის საფუძველზე, სასამართლომ პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ამ ეტაპზე პანსიონი ბავშვების უმრავლესობამ დატოვა. როგორც საპატრიარქო აცხადებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პანსიონების მცირე საოჯახო ტიპის სახლებად გადაკეთების პროცესი.

მიუხედავად იმისა, რომ სხალთელი მიტროპოლიტი პანსიონში არსებულ პრობლემებსა და ძალადობის ფაქტებს უარყოფდა, ის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით მთავრესპიკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა ჩაანაცვლა.

დღის ამბები