28 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
ოზურგეთში ფქვილის მწარმოებელი "გურია ექსპრესის" თანამშრომლების 36 დღიანი გაფიცვა დასრულებულია

ოზურგეთში ფქვილის მწარმოებელი შპს "გურია ექსპრესის" ე.წ. "გულისტანის" თანამშრომლების 36 დღიანი გაფიცვა დასრულებულია. როგორც ერთ-ერთმა გაფიცულმა ლადო ურუშაძემ განაცხადა, სახელმწიფოს მიერ დანიშნული მედიაცია წარმატებით შედგა და კომპანია "გურია ექსპრესმა" და გაფიცულმა თანამშრომლებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რაც კომპანიის მხრიდან მშრომელების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მათ შორის ანაზღაურების გაზრდას და შრომის სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.

"ყველაფერზე შევთანხმდით, რასაც ვითხოვდით. სავარაუდოდ, შაბათს გაგვიფორმებენ ახალ ხელშეკრულებებს, ორშაბათს მუშაობას შევუდგებით და ჩვენს ურთიერთობებს კომპანიასთან ახალი ფურცლიდან დავიწყებთ," - აცხადებს ლადო ურუშაძე.

"ადგილზე არ ვიმყოფები, ამიტომ დეტალებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ, მეც ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ შეთანხმება შედგა," - განაცხადა კომპანიის იურისტმა აკაკი თოიძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "გურია ექსპრესის" თანამშრომლები გაფიცულები 36 დღის მანძილზე იყვნენ. ისინი დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებდნენ.

დღის ამბები