28 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
ნინოწმინდის პანსიონი შშმ ბავშვებმა დატოვეს - ბენეფიციარების გარკვეული რაოდენობა ცხოვრებას პანსიონში განაგრძობს

ნინოწმინდის პანსიონიდან დღის ბოლოს 5 შშმ ბავშვი გაიყვანეს. კადრები "კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო. მათ მთავარეპისკოპოსი სპირიდონი დაწესებულების ეზოში დაემშვიდობა. ნინოწმინდის პანსიონი დღეს კიდევ 20-მდე ბენეფიციარმა დატოვა, ნაწილი კი ამ დრომდე გალავნის მიღმა რჩება.

მოზარდები ყვებიან, რომ მათ ალტერნატიულ საცხოვრებელს სთავაზობენ, გადაწყვეტილებას კი, ხშირ შემთხვევაში, მათი ახლობლები იღებენ.

პანსიონში ძალადობისა და დასჯის სასტიკი მეთოდების შესახებ ინფორმაციას ბავშვების ნაწილი ტყუილს უწოდებს. გუშინ ღამიდან ბენეფიციარები პოლიციის განყოფილებაში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების თანდასწრებით იკითხებოდნენ.

"კურიერის" ინფორმაციით, გამომძიებლებს ბავშვები აღმზრდელების მხრიდან დასჯის მეთოდებზე უყვებოდნენ, მაგრამ კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებზე არ საუბრობდნენ.

ბავშვების უმეტესობა პანსიონიდან საკუთარმა მშობელმა გაიყვანა. ამბობენ, რომ მათი შვილები წლების განმავლობაში უსაფრთხო გარემოში იზრდებოდნენ. 

ბენეფიციარების ნაწილი ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა, ნაწილს კი მცირე საოჯახო ტიპის სახლები და მინდობით აღზრდაში განთავსება შესთავაზეს. პანსიონში დილიდან შედიოდნენ სოციალური მუშაკები, ისინი სიტუაციას ადგილზე სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრებთან ერთად აკვირდებიან. მზადდება შესაბამისი დასკვნაც.

მთავარეპისკოპოს სპირიდონს დღეს ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა, ცნობილია, რომ დაწესებულების ხელმძღვანელი პანსიონიდან ბავშვების გაყვანაზე სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგია. ამის შესახებ ის იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს ესაუბრა, რომელიც პანსიონში რამდნიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

"ვორლდ ვიჟენ ჯორჯიას" წარმომადგენელს დაწესებულებაში შესვლის საშუალება მხოლოდ დღეს მიეცა, მანამდე მათ მონიტორინგის შესაძლებლობა, პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, არ ჰქონდათ. ორგანიზაცია დიდი ზომის დაწესებულებების ეტაპობრივად დახურვის მომხრეა.

პანსიონის დატოვების პროცესი, სავარაუდოდ, მშობლებისა და ბავშვების სურვილის მიხედვით გაგრძელდება. ამ დრომდე, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი დაწესებულებაში 40-მდე აღსაზრდელთან ერთად რჩება.

დღის ამბები